საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2017 წელი შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული, ისევე, როგორც 2016 წელს, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ქართველმა ძალოსანმა მართლაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა წელი კიდევ ერთი რეკორდით დაასრულა.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონმა 2017 წელს სამი ტიტულის მოპოვება და სამივე რეკორდით შეძლო, ეს კი ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ. აპრილში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის უძლიერესი ძალოსნის ტიტული მოიპოვა და ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა; ნოემბერში, დუშეთში საქართველოს ჩემპიონი გახდა; 6 დეკემბერს კი ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო. ორჭიდში ჯამში ლაშამ 477 კილოგრამი დაძლია! აქვე გეტყვით, რომ ის ოქროს მედლებს დაეუფლა ატაცსა და აკვრაში. ასე რომ, ლაშა დამსახურებულად გახდა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი!
აღნიშნულ ნომინაციაში მეორე ადგილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ დაიკავა. “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა (1947, 1956, 1975, 2015, 2017). ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო და ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედიც მოირგო.
მესამე პოზიცია მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ერგო. ქართველმა მოჭიდავემ პარიზში გამართულ ტურნირზე 125 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 10:8 დაამარცხა და კარიერაში პირველად გახდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი.
“რთული იქნებოდა არჩევანის გაკეთება, რადგან საქართველოს ძალიან ძლიერი სპორტსმენები ჰყავს ჭიდაობაში, ასევე ძალოსნობაში. ძალიან დიდი სიხარულის მომტანია ჩემთვის ეს აღიარება და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას”, - განაცხადა ტალახაძემ.
ლაშამ პრიზებთან ერთად კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო, რომელიც ზაზა ფაჩულიამ ამერიკიდან გამოუგზავნა - “გოლდენ სტეიტის” 477 ნომრიანი მაისური.
ასევე დასახელდა საუკეთესო მწვრთნელი, რაშიც პირველობა გიორგი ასანიძემ არავის დაუთმო და ხმათა უმრავლესობით საუკეთესო მწვრთნელის ტიტულიც მოიპოვა.
III ადგილი - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი – 19 ხმა
II ადგილი - საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი – 31 ხმა
I ადგილი - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე - 102 ხმა
ღონისძიებაზე დასახელდა 2017 წლის აღმოჩენა, რომელიც იტალიურ “რომაში” მოთამაშე წყალბურთელი ანდრო ბითაძე გახლდა.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტთა ასოციაციას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მე გამომარჩია. ასევე მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს, რომელთა მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობ. განსაკუთრებული მადლობა კი მამაჩემს, რადგან მის გარეშე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ და არც წყალბურთელი”, - განაცხადა ბითაძემ.
წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და მწვრთნელების გარდა გამოვლინდა საუკეთესო ნაკრები და ეს ტიტული მორაგბეებმა არავის დაუთმეს.
III ადგილი – საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 32 ხმა
II ადგილი – საქართველოს საკალათბურთო ნაკრები – 47 ხმა
I ადგილი – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები – 59 ხმა
2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ვინაობაც გაირკვა, რომელიც ზვიად პატარიძეს ერგო.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ძვიად პატარიძე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია. ქართველმა მძიმეწონოსანმა წარმატებას ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია, სადაც გადამწყვეტ ბრძოლაში ყირგიზ კიმ რომანს სძლია (6:2).
საუკეთესო სამეული კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
III ადგილი – ანასტასია გოტფრიდი (საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი) - 30 ხმა
II ადგილი – გელა აფრასიძე, (საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი) - 35 ხმა
I ადგილი – ზვიად პატარიძე (საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი) - 50 ხმა
როგორც ხედავთ, 2017 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის საკმაოდ ნოყიერი გამოდგა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაჯილდოვების ცერემონიალს დღეს, კლუბმა Beer Time-მ უმასპინძლა. ღონისძიებას სპორტული ჟურნალისტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საღამოს მუსიკალურად ბენდი RELOAD-ი აფორმებდა, რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეულია.