27-28 დეკემბერს, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. კონკურენციაში საქართველოს ნაკრების წევრთა ნაწილიც ჩაება და უმეტესობამ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 60 კილოგრამში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მეორედ ავიდა ლუხუმ ჩხვიმიანი. ამჯერად მან ფინალში ლაშა ჩადუნელს სძლია. შარშანდელ ვერცხლის პრიზიორს და ამ წონის ლიდერ ამირან პაპინაშვილს კი საქართველოს პირველობაში მონაწილეობა არ მიუღია.
პაპინაშვილის მსგავსად, არც ვაჟა მარგველაშვილი გასულა ტატამზე. მის არყოფნაში, 66 კილოგრამში ყველას თორნიკე ნაგლიაშვილმა აჯობა. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 3-გზის პრიზიორმა 21 წლის ძიუდოისტმა გადამწყვეტ ბრძოლაში ზვიად ხუბულურს მოუგო.
ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ლევან მატიაშვილმაც (+100 კგ) ოქროს მედლებით დახურეს სეზონი. საინტერესოა, რომ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი შავდათუაშვილი საქართველოს ჩემპიონატზე პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად ავიდა.
ორდღიანი შეჯიბრების ყველაზე საინტერესო ბრძოლა კი 90 კილოგრამის ფინალში შედგა. ღვინიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნებულ ავთანდილ ჭრიკიშვილს ვაზარით აჯობა.
81 კილოგრამის შიდა კონკურენციაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა თამაზ კირაკოზაშვილმა. 21 წლის ძიუდოისტმა ნახევარფინალსა და ფინალში ნაკრების გამოცდილი წევრები: ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.
100 კილოგრამში შარშანდელი ფინალი განმეორდა – ერთმანეთს ისევ ლაშა ტაველური და იასონ ნემსაძე დაუპირისპირდნენ და ოქროს მედალს ისევ ტაველური დაეუფლა. უმძიმეს წონაში კი უძლიერესის ტიტული ლევან მატიაშვილმა მოიპოვა. მის ანგარიშზე უკვე საქართველოს ჩემპიონატის 4 ოქროა.
ამირან პაპინაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის გარდა, წლევანდელი ჩემპიონატი გამოტოვეს: უშანგი მარგიანმა (90 კგ) ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), გურამ თუშიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (ორივე +100 კგ).
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
27-28 დეკემბერი
60კგ
1 ლუხუმ ჩხვიმიანი
2 ლაშა ჩადუნელი
3 ამირან დარბაისელი
3 თემურ ნოზაძე
66კგ
1 თორნიკე ნაგლიაშვილი
2 ზვიად ხუბულური
3 ნიკო ჭიკაიძე
3 ლაშა გიუნაშვილი
73კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი
2 ზვიად კაპანაძე
3 ომარ ნიაზაშვილი
3 ფრიდონ გიგანი
81კგ
1 თამაზ კირაკოზაშვილი
2 ნუგზარ ტატალაშვილი
3 კობა მჭედლიშვილი
3 ზებედა რეხვიაშვილი
90კგ
1 ბექა ღვინიაშვილი
2 ავთანდილ ჭრიკიშვილი
3 თორნიკე ჯუღელი
3 გიორგი პაპუნაშვილი
100კგ
1 ლაშა ტაველური
2 იასონ ნემსაძე
3 ონისე სანებლიძე
3 დავით ოზბეთელაშვილი
+100კგ
1 ლევან მატიაშვილი
2 ონისე ბუღაძე
3 გიორგი ქავთარაძე
3 გიორგი ზაქარიაძე