ფეხბურთი

18:13 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ პასტორე "ინტერს" ადასტურებს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორე პარიზის დატოვებაზე არ ფიქრობს, თუმცა ადასტურებს, რომ მისი აგენტი მოლაპარაკებებს “ინტერთან” აწარმოებს.

როგორც სამხრეთამერიკელი ამბობს, “ნერაძურის” სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინისთან მეგობრობს (“პალერმოში” ერთად იყვნენ – რედ).

“ჩემს აგენტს კონტაქტი “ინტერთან” აქვს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ თავდაპირველ წინადადებაზე ვსაუბრობთ, ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება მიღწეული არაა. თუ პსჟ-ს დატოვებას გადავწყვეტ, იტალიაში სიამოვნებით დავბრუნდები. საბატინისთან მეგობრობა მაკავშირებს და აზრებს ერთმანეთს ხშირად ვუცვლით. სწორედ მან წამიყვანა იტალიაში თავის დროზე.

წავიკითხე, რომ თითქოს თანაგუნდელებს დავემშვიდობე, მაგრამ ეს სიცრუეა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პსჟ-სთვის მეტის გაკეთება შემეძლო. ბოლო მატჩებში საკმაოდ ვითამაშე და ძალიან ბედნიერი ვარ. კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ წელიწადნახევარი მაკავშირებს და მშვიდად ვარ. თამაში მინდა და ამჟამად ვთამაშობ კიდეც”, - განაცხადა პასტორემ არგენტინულ Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

ხავიერ პასტორე “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს, თუმცა ძირითადი შემადგენლობის წევრად ვერ ჩამოყალიბდა. 28 წლის არგენტინელს ფრანგულ გუნდში 172 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი. იქამდე პასტორე “ურაკანისა” და “პალერმოს” რიგებში ირჯებოდა. არგენტინის ნაკრებში კი 29 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

ბოლო პერიოდში პასტორეს პსჟ-ს დატოვებას უწინასწარმეტყველებენ და ყველაზე ხშირად მილანის “ინტერთან” აკავშირებენ.

0.111413