ფეხბურთი

12:23 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

არანორმალური 388 წამი...

რა მაგარი საღამო შეგდა “ემირეითსზე”... მაგრამ, ლოგიკურიც იყო, მოსალოდნელიც. გუშინდლამდე პრემიერლიგის ბოლო 10 დაპირისპირებაში (“ლივერპულსა” და “არსენალს” შორის) 42 გოლი გავიდა და აქედან გამოდინარე არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მორიგი უხვგოლიანი 90 წუთი გვაჩუქეს “მეთოფეებმა” და “წითლებმა”.

საერთოდაც, “ლივერპულს” შედეგიანობა იურგენ კლოპისგან დასჩემდა. თავად განსაჯეთ, მას მერე რაც გერმანელი ინგლისურ გუნდს უდგას სათავეში (2015 წლის ოქტომბრიდან) ყველაზე მეტი გოლი “ლივერპულის” მატჩებში გავიდა – 279. აქედან 174 “წითლებმა” გაიტანეს, ხოლო 105 – გაუტანეს. ხსენებული თარიღიდან პრემიერლიგის არცერთი სხვა გუნდის შეხვედრაში ამაზე მეტი გოლი არ გასულა. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ “ემირეითსზე” ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარებოდა.

თუმცა, მატჩისშემდეგ იურგენ კლოპი უკმაყოფილო და შეიძლება ითქვას, განრისხებულიც გახლდათ:

“რთულია გადმოცემა – 3:0, 4:0 ან 5:0 უნდა ყოფილიყო ანგარიში მანამ, სანამ პირველ გოლს გავუშვებდით. ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს. “არსენალთან” სტუმრად ქულა თითქოს კარგი შედეგია, მაგრამ ახლა სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ მაქვს. ჩვენი მეტოქე თამაშიდან გამოვთიშეთ 10 წუთიანი მონაკვეთის გამოკლებით”, - აღნიშნა კლოპმა.

ძნელია იურგენს არ დავეთანხმოთ. “ლივერპული” პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და სანამ ფილიპე კოუტინიოს ბედი გაუღიმებდა, იქამდეც მრავალგზის შეეძლო გატანა. მერეც – სადიო მანემ დაუცველი კარის წინ მოინდომა “მაკრატელა” და ეფექტური გოლები, მოჰამედ სალაჰმა კი გადამწყვეტ მომენტებში ვერ ივარგა ორჯერ. ჯერ მეკარემ აჯობა, მერე ფეხი ვერ მოარტყა ბურთს.

დაიწყო მეორე ტაიმი და ეგვიპტელმა თავისი მაინც გაიტანა, თითქოს თამაშიც დასრულდა. მაგრამ, თურმე მაშინ დაიწყო! “არსენალმა” ფეხბურთი 5 წუთი ითამაშა და ეს ქულისთვის საკმარისი გამოდგა. სანჩესი, ჯაკა, იოზილი – ეს 5 წუთიანი იტერვალი და “მეთოფეთა” სამი გოლია.

ვენგერის ბიჭებს ნაყოფიერი ნადირობა გამოუვიდათ. “არსენალმა” ორბურთიანი ჩამორჩენა თვალის დახამხამებაში აღმოფხვრა. აკი, ფრანგმაც მოუწონა თავის ბიჭებს მატჩის შემდეგ ხასიათის გამოვლინება:

“პირველ ტაიმში ჩვენს დონეზე არ გვითამაშია, მეორე ტაიმში – კი. ეს იყო საოცარი მატჩი და გაბრაზებული ვარ, რომ ვერ მოვიგეთ. თუმცა, სწორედ ასეთი თამაშების ხილვა მსურს ჩემპიონატში. დადებითი მომენტია ის, რომ ჩვენ არ დავნებდით. ძალიან ძლიერები ვართ ფსიქოლოგიურად და ვაჩვენეთ ხასიათი. მაგრამ მინდა ბიჭებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ფეხბურთი პირველი წუთიდან უნდა ვითამაშოთ”, - განაცხადა ნამატჩევს ვენგერმა.

აქვე გეტყვით, რომ “ლივერპულის” წაყვანილი ანგარიშიდან – 2:0, “არსენალის” 3:2-მდე დროში სხვობამ ოდენ 388 წამი შეადგინა... და მაინც, ლონდონელები ბოლომდე მედგრად ვერ დადგნენ და ვერც პეტერ ჩეხი დადგა რობერტო ფირმინოს გოლის დროს მოწოდების სიმაღლეზე. VIDEO

ეს იყო არანორმალური 90 წუთი (ან 388 წამი, გემოვნების საკითხია), მაგრამ თან ლოგიკური. ეს ხომ “არსენალი” – “ლივერპული” გახლდათ?!...

0.136203