ავტოსპორტი

3:05 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ფორმულა 1-ის ახალ ბოლიდს 22 თებერვალს გვიჩვენებს

„ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ის 2018 წლის სეზონისთვის მომზადებულ ახალ სარბოლო ავტომობილს 22 თებერვალს გაგვაცნობს. „ფერარის“ პრეზიდენტმა სერჯო მარკიონემ მარანელოში გამართულ საშობაო ვახშმის დროს განაცხადა, რომ გუნდი კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

მომავალი სეზონისთვის ტექნიკური რეგლამენტი მნიშვნელოვნად გადახალისდა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ გუნდებს თავიანთი ავტომობილების ეგრეთ წოდებული „ჰალოთი“ აღჭურვა მოუწევთ, რაც პილოტების თავის დაცვას ემსახურება.

გარდა ამისა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ აკრძალა აეროდინამიკური ელემენტი, რომელიც T-ფრთის სახელითაა ცნობილი და ეგრეთ წოდებული ზვიგენის ფარფლი. ამის გამო, გუნდებს საკუთარი აეროდინამიკური კონცეპციების მოდიფიცირება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ფერარი“ კარგა ხანს მედგარ კონკურენციას უწევდა ბოლო წლების გამორჩეულ ლიდერ “მერსედესს“, თუმცა ჩემპიონატის მეორე ნახევარში, სამქიმიანებმა და მათმ ლიდერმა ლუის ჰამილტონმა შეძლეს გარდატეხა და ორივე ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლნენ. „ფერარის“ სებასტიან ფეტელი საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

0.16091