ფეხბურთი

20:15 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ინგლისის პრემიერლიგაში იანვარში ელოდებიან

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს. The Sun-ის ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” და “ლესტერ სიტი”. "იადონებსა" და "მელიებს" უკვე მზად აქვთ კონკრეტული წინადადება, რომლითაც "ლოკომოტივს" მიმართავენ.

ორივე გუნდის სურვილია, რომ კვირკველია თავიანთ რიგებში იანვრის სატრანსფერო პერიოდში გადაიბირონ. წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელსაც სურს, რომ კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

“ვესტ ბრომვიჩის” თავკაცი ალან პარდიუ კვირკველიას ჯონი ევანსის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც სავარაუდოდ იანვარში გუნდს დატოვებს და კარიერას “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს. ხოლო “მელიების” დამრიგებელი კლოდ პუელი დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და ამიტომაც, მის სიაში რუსული გუნდის ფეხბურთელი მოხვდა.

“ლოკომოტივი” კვირკველიას 18 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს. საგულისხმოა, რომ “რკინიგზელთა” მთავარ მწვრთნელ იური სიომინს ქართველი მცველის შენარჩუნება სურს, რადგან გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად მიაჩნია და “ლოკომოტივი” ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის, რომელიც 2004 წლის შემდეგ არ მოუპოვებია.

სოლომონ კვირკველიას მოსკოვურ გუნდთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კვირკველიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 28 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106405