საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, გამოკითხვის მეშვეობით, როგორც გასულ წლებში, წელსაც გამოავლენს საუკეთესო ქართველ სპორტსმენებს და მწვრთნელებს.
აღნიშნულის შესახებ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა და ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ზურა თალაკვაძემ დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დაჯილდოვების ცერემონიალის თანაორგანიზატორი კომპანიის, „ლიდერბეთის“ წარმომადგენელი გეგა კალმახელიძე და აღნიშნული ღონისძიების სახე, წამყვანი მანიკა ასათიანი.
დაჯილდოვების ცერემონიალი კლუბ beer time-ში 28 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი RELOAD, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე სოლისტმა, ნიკა ბუზალაძემ წარმოადგინა.
საუკეთესოები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, საუკეთესო ფედერაცია, საუკეთესო გუნდი (ნაკრები), სპეციალური პრიზი „წლის აღმოჩენა“ და საღამოს ოსკარი - 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი. წლის საუკეთესოთათვის დაწესებული პრიზების ავტორია მოქანდაკე ირაკლი წულაძე.
ღონისძიებისთვის სამი სპეციალური პრიზი დააწესა კომპანია „ადიდასმა“, სპეციალური პრიზი აქვს დაწესებული კომპანია „ნიკორას“, რომელიც ასოციაციის ახალი პარტნიორია. საღამოს ყველა მონაწილეს საუკეთესო გამაგრილებელ სასმელს შესთავაზებს კომპანია „კამპა“.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ყველა მონაწილე კომპანიას და საინფორმაციო მხარდამჭერს ქართული სპორტის გვერდში დგომისთვის.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვით, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა, რომელმაც რიო დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტული მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ვასილ ლობჟანიძემ მოიპოვა; წლის საუკეთესო მწვრთნელად ძალოსანთა ნაკრების თავკაცი გიორგი ასანიძე დასახელდა; საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები.