მადრიდის "ატლეტიკომ" მსოფლიოს საფეხბურთო ორგანიზაციაში "ბარსელონას" ქმედება ანტუან გრიზმანის გადაბირებასთან დაკავშირებით გაასაჩივრა. კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ფრანგი ფეხბურთელის ოჯახის წევრებს შეხვდა, ეს ფაქტი კი მადრიდელებს არ ესიამოვნათ.
აღნიშნული ინფორმაცია FIFA-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა Sky Sports-თან საუბრისას დაადასტურა: "ჩვენ ვადასტურებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკოსგან" მივიღეთ საჩივარი."
"ბლაუგრანამ" კი გრიზმანის ახლობლებთან დაკავშირება და მათთან მოლაპარაკება უარყო.
"ბარსელონა" მოლაპარაკებას არავისთან აწარმოებს, ასე რომ არასწორი არაფერი გაგვიკეთებია." - განუცხადა Marca-ს კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ხოსეპ მარია ბართომეუმ გრიზმანის ოჯახი ლანჩზე დაპატიჟა და ტრანსფერის შესახებ ესაუბრა. ასევე გაირკვა, რომ "ბარსელონა" მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გრიზმანი "ატლეტიკოში" 2014 წელს "სოსიედადიდან" გადავიდა. მას შემდეგ ფრანგმა მადრიდელთა მაისურით 177 შეხვედრა ჩაატარა და 90 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.