ფეხბურთი

23:00 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

2017 წელს დასრულებული ისტორიები...

რიკარდო კაკა, ფრანჩესკო ტოტი, ანდრეა პირლო, ფილიპ ლამი, ჩაბი ალონსო, სტივენ ჯერარდი ფრენკ ლამპარდი, დირკ კუიტი და მაქსველი. ეს, იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც საფეხბურთო კარიერას წერტილი 2017 წელს დაუსვეს.

რიკარდო კაკა

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებელი. ზუსტად 10 წლის წინ, 2007 წელს ბრაზილიელის შემჩერებელი არავინ იყო. კაკას დიდებულმა თამაშმა იმ წელს “მილანს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ხოლო თავად წლის ბოლოს “ოქროს ბურთს” დაეუფლა. სხვათა შორის, კაკა ბოლო ფეხბურთელია, რომელმაც მესისა და რონალდუს ეპოქამდე მოასწრო ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგება.

რიკარდო “მილანის” დროშა იყო. კარიერის განმავლობაში ასევე მოასწრო “რეალის” პრესტიჟული მაისურის მორგება, ხოლო მანამდე, სანამ კარიერას “ორლანდო სიტიში” დაასრულებდა, “სან პაულის” ღირსებას იცავდა.

ფრანჩესკო ტოტი

იტალიელი ლეგენდა ფეხბურთიდან 25 წლის შემდეგ წავიდა. 25 სეზონი “რომას” მაისურით, 307 გოლი 785 მატჩში. 2014 წლის 30 სექტემბერს, ტოტი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი (38 წელი და 3 დღე). თუმცა, ორი თვის შემდეგ თავისივე შედეგი გააუმჯობესა. იტალიელის კარიერა ერთ სკუდეტოსა და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულსაც იტევს.

ანდრეა პირლო

ნახევარდაცვის ჩუმი ლიდერი ფეხბურთიდან წელს წავიდა. ანდრეა პირლომ კარიერა “ნიუ-იორკ სიტიში” დაასრულა, სადაც კარიერის ბოლო ორი სეზონი გაატარა. პირლოს შთამბეჭდავი კარიერა “მილანს” უკავშირდება, სადაც ის მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ საყრდენად იქცა. ამავე გუნდში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პირლოს კარიერაში ბოლო ევროპული გუნდი “იუვენტუსი” აღმოჩნდა, სადაც ვეტერანს თავი არ შეურცხვენია და 4 სეზონში ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

ფრენკ ლამპარდი

ფრენკ ლამპარდმა 2012 წელს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ერთი წლის შემდეგ ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა. ლამპარდმა კარიერის ბოლო ნაწილი ამერიკულ მლს-ში გაატარა და თებერვალში საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. 648 თამაში და 211 გოლი “ჩელსიში”, პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირი ნახევარმცველებს შორის, კარიერის განმავლობაში 813 თამაში, 274 გოლი და 14 ტიტული.

ფილიპ ლამი

მისთვის მოედანზე კონკრეტული პოზიციაზე არ არსებობდა. მარცხენა ან მარჯვენა მცველი – კარიერის ბოლოს კი, უკვე საყრდენი ნახევარმცველი. ფილიპ ლამი 21ე საუკუნის გამორჩეულ მცველებს შორის იკავებს ადგილს. მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების სიმბოლო. 2010 და 2012 წელს წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალები, სამი წლის შემდეგ გამარჯვებით აინაზღაურა. 2014 წელს კი, მისი კაპიტნობით გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კარიერა მიდმინარე წლის მაისში “ვერცხლის სინის” მეშვიდედ მოგების შემდეგ დაასრულა.

ჩაბი ალონსო

ფილიპ ლამი და ჩაბი ალონსო დიდ ფეხბურთს ერთ გუნდში, ერთ სტადიონზე და ერთ დღეს დაემშვიდობნენ. ესპანელი ფეხბურთელის კარიერაზე შეიძლება ითქვას, დიდი ზეგავლენა მოახდინა 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალმა, როდესაც “ლივერპულმა” “მილანთან” დაუვიწყარი ქამ-ბექი შემოგვთავაზა. ალონსომ იმ მატჩში გოლი გაიტანა. ეს არ იყო ლიგაზე ერთადერთი გამარჯვება. 2014 წელს ბასკი უკვე “რეალი” რიგებში გახდა ჩემპიონი. რთულია გავიხსენოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც ისეთი დიადი გუნდების ისტორიაში დატოვეს დიდი კვალი, როგორებიც “ლივერპული”, “რეალი” და “ბაიერნია”. ჩაბის კარიერას ევროპის ჩემპიონის ორი და მსოფლიოს ჩემპიონატის ერთი ტიტულიც ალამაზებს.

დირკ კუიტი

ალბათ ვერ ნახავთ გულშემატკივარს, რომელთაც დიკრ კუიტი მოედნის ნებისმიერ წერტილში არ უნახავს. ჰოლანდიელის კარიერა თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა მერე და მერე, ნახევარდაცვაში ხშირად უწევდა გარჯა. მისი მთავარი მახასითებელი კი ბოლო წუთამდე ბრძოლა იყო. კუიტმა კარიერის განმავლობაში 300-ზე მეტი გოლი გაიტანა, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე. კარიერის დასასრული კი ზღაპრული გამოუვიდა – მშობლიურ “ფეიენოორდში” დაბრუნებულმა გუნდს უკაპიტნა და ნანატრი ჩემპიონის ტიტულისკენ დარუძღვა. საჩემპიონო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბუცები ლურსმანზე ამაყად ჩამოჰკიდა.

მაქსველი

მაქსველმა ტიტულების მოგება ყველა იმ გუნდში (ევროპულ) მოახერხა, რომლის რიგებშიც უთამაშია – “აიაქსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, “პარი სენ ჟერმენი”). ეს შემთხვევითობა სულაც არაა. კარიერა პსჟ-ში დაასრულა, სადაც ახლა სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. მისი კარიერის ყველაზე ცუდი ნაწილი ნაკრებს უკავშირდება. მაქსველმა ბრაზილიის ნაკრების ღირსება მხოლოდ 10-ჯერ დაიცვა.

სტივენ ჯერარდი

“ლივერპულის” ლეგენდარული კაპიტანი და ნამდვილი სიმბოლო (701 თამაში, 184 გოლი და 105 პასი). “წითლების” რიგებში ჯერარდმა ჩემპიონთა ლიგისა და უეფას თასის მოგება მოახერხა. თუმცა, პრემიერლიგის ოქროს მედალს ვერასდროს შესწვდა. შთამბეჭდავი კარიერა ინგლისელმა შორეულ ამერიკაში, კერძოდ, ლოს ანჟელეს “გელექსიში” დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113197