საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, რთული და მტანჯველი სპორტული რეჟიმის გამო, ბევრ ფეხბურთელს გემრიელად ჭამა და კაი დაშხოშიანი ქეიფი ოცნებად აქვს ქცეული და არაერთ მობურთალს უთქვამს, რომ კარიერის დასრულებას ელოდება, გვარიანად რომ მოილხინოს.
როგორც ჩანს, სწორედ ამ მოლხენის ეტაპზეა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მეგობარ ფეხბურთელებთან ერთად პურიჭამისას გადაღებული ფოტოები გამოამზეურა და როგორც კახელები იტყვიან, სუფრა “მოყრილია ჩუტყვავილასავითა“.
ლხინი საუდის არაბეთში გამართულა, სადაც ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მუნდიალზე გასვლა აღნიშნეს და მასპინძლებმა, ტოტისთან ერთად, პაოლო მალდინი, კარლეს პუიოლი, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, ლუიშ ფიგუ, ვენსან კანდელა და რობერტო კარლოსი ისტუმრეს. მიუხედავად ასეთი ეთნიკური მრავალფეროვნებისა აშკარაა, რომ პურიჭამა გვარიანად ხალისიანად წარმართულა და არაა გამორიცხული “სამი “ჩ“-ს სადღეგრძელოც დაელიათ.