კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი “ა” ლიგაში ითამაშებს. ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა კსუ-მ საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალური სერიის მეორე მატჩი 65:68 წააგო კლუბ “თბილისთან”, თუმცა 2 მატჩის ჯამში ფინალური სერია მოიგო და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა.
დებულების თანახმად, ფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და საბოლოო ანგარიშიც საერთო ჯამში ითვლება. 16 დეკემბერს კსუ-მ “თბილისი” 10 ქულით დაამარცხა, ახლა კი 3 ქულა დათმო და სერიაში გამარჯვებული გამოვიდა.
თბილისელები პირველი ტაიმის შემდეგ 19 ქულას იგებდნენ და ბურთსაც ფლობდნენ, თუმცა წუთშესვენებაზე ტექნიკური დაიმსახურეს, დარჩენილ 20 წამში 5 ქულა მიიღეს და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი ლიდერობა შერჩათ.
მეორე ნახევარში კსუ-მ ჩამორჩენა შეამცირა და ხელსაყრელი სხვაობა ბოლომდე შეინარჩუნა. სტუდენტურ გუნდს ამერიკელმა რაიან აარონმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
ფინალურ სერიაში დამარცხებულ “თბილისს” “ა” ლიგაში გადასვლის შანსი მაინც შერჩა. საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისელები გასული სეზონის აუტსაიდერ სეუ-ს შეხვდებიან, რომელმაც სპონსორი გამოიცვალა და ილიაუნის სახელით გამოდის. 2-მატჩიანი სერიის პირველი მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.
თბილისი – კსუ 68:65
gbf.ge