ფეხბურთი

17:56 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მატია კალდარა – მცველი გოლის ინსტიქტით

ბერგამოს “ატალანტას” მცველი მატია კალდარა განაგრძობს ბომბარდირული თვისებების გამომჟღავნებას. 23 წლის ცენტრალურმა მცველმა გასულ სეზონში 7 გოლი გაიტანა და ეს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი იყო მისი პოზიციის ფეხბურთელებისთვის.

როგორც ჩანს, მატია პირველობის დათმობას არც მიმდინარე სეზონში აპირებს – მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია და მცველებს შორის ისევ ლიდერობს. კალდარას ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული საიდუმლო არ აქვს, უბრალოდ სიამოვნებს გოლების გატანა:

“მე ვთამაშობ დაცვაში, მაგრამ თუ ეს ჩემი პირველი მიზანი არაა, მაშინ ყოველ ჯერზე გოლის გატანაზე ვფიქრობ. ეს ბედნიერებას მანიჭებს”, - ამბობს კალდარა.

ახალგაზრდა იტალიელ მცველს სამშობლოში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ბუნებრივია მოკრძალებულ “ატალანტაში” მას დიდხანს არავინ დატოვებს. კალდარამ მიმდინარე წლის იანვარში ტურინის “იუვენტუსთან” გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა ბერგამოულ გუნდში იჯარის წესით დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონს სწორედ ლომბარდიაში ჩაამთავრებს. აი, ზაფხულში კი, მატია “იუვენტუსის” სრულფასოვანი წევრი გახდება. ეს, 23 წლის ფეხბურთელს კარგად აქვს გათავისებული:

“იუვენტუსის” თამაშებს ვუყურებ, თუმცა ვიცი, რომ ჯერ კიდევ 6 თვე უნდა მოვითმინო. “იუვე” სკუდეტოს მთავარი ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლი”, “ინტერი” და “რომა” ძლიერები არიან”, - განაცხადა კალდარამ.

მატია კალდარას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 20 თამაში აქვს ჩატარებული (6 ევროპა ლიგაზე) და მეტოქეთა კარი სამჯერ დალაშქრა. გასულ სეზონში კი 30 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

0.11249