ფეხბურთი

0:00 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ლივერპულმა” გაისეირნა, “იუნაიტედმა” ბრძოლაში იმარჯვა

პრემიერლიგის მე-18 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. მე-2 ადგილოსანი “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე ღრმა კრიზისში მყოფ “ვესტ ბრომვიჩს” დაუპირისპირდა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა.

ჟოზე მოურინიოს შეგირდებს განსაკუთრებული უპირატესობა არ ჰქონიათ, თუმცა საკუთარი შანსების გამოყენება შეძლეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს. “წითელმა ეშმაკებმა” ორივე ბურთის გატანა პირველ ტაიმში მოახერხეს: ანგარიში 27-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ თავური დარტყმით გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე ლინგარდის შორეული გასროლის შემდეგ ბურთი ჰეგაზის მოხვდა და ბენ ფოსტერის კარში შევარდა.

მეორე ნახევარში “ვესტ ბრომვიჩმა” სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, რამდენიმე მომენტი შექმნა და 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გარეტ ბერიმ ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა დარჩენილ დროში “ბულბულებმა” მეტის გაკეთება ვერ შეძლეს და უქულოდ დარჩნენ – 1:2.

“იუნაიტედი” 41 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო “ვესტ ბრომვიჩი” 14 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს. ალან პარდიუს გუნდს პრემიერლიგაში 19 აგვისტოს შემდეგ არ მოუგია.

“ლივერპული” სტუმრად “ბორნმუთს” ეწვია და შავი დღე აყარა. მერსისაიდელებმა შეხვედრის ბედი საწყის 45 წუთში გადაწყვიტეს. “წითლები” მე-20 წუთზე ფელიპე კოუტინიომ დააწინაურა, რომელმაც ფლანგზე მშვენიერი გარღვევა მოაწყო, რამდენიმე მეტოქეს გაუსწორდა და ზუსტადაც დაარტყა. ექვს წუთში თავური დარტყმით ახლო მანძილიდან დეიან ლოვრენმა შეაგდო, ხოლო ტაიმის მიწურულს შესანიშნავ ფორმაში მყოფმა მოჰამედ სალაჰმა მორიგი ინდივიდუალური გოლი გაიტანა. იურგენ კლოპის შეგირდებმა მეორე ტაიმში ერთი ბურთი იკმარეს, 66-ე წუთზე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში რობერტო ფირმინომ ასახა – 0:4. “ლივერპული” 34 ქულით მე-4 საფეხურს იკავებს.

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (27), 0:2 ლინგარდი (35), 1:2 ბერი (77)

ბორნმუთი – ლივერპული 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 კოუტინიო (20), 0:2 ლოვრენი (26), 0:3 სალაჰი (44), 0:4 ფირმინო (66)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171004