კალათბურთი

23:59 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 20 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მე-12 ტურში “სასკი ბასკონიამ” სტუმრად “მორაბანკ ანდორასთან” ძალზე დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა – 97:94.

ვიტორიელთა წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ. “ბასკონიას” კაპიტანმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, პარკეტზე 22:27 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში შენგელიამ 20 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა, თუმცა, ეს საუკეთესო მაჩვნებელი არც “ბასკონიას” და არც “ანდორას” რიგებში არ ყოფილა.

“მორაბანკ ანდორამ” კი, ისევ ბექა ბურჯანაძის გარეშე ითამაშა, რომელიც კვლავაც ტრავმას მკურნალობს.

“ბასკონიას” 12 ტურის თავზე 8 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და მეექვსე პოზიციაზეა. რაც შეეხება “ანდორას” – 5-ჯერ იმარჯვა და შვიდჯერ მარცხი იწვნია, ეს კი მე-11 ადგილისთვისაა საკმარისი.

“სასკი ბასკონია” ლიგა ენდესას შემდეგ ტურში 31 დეკემბერს, “მურსიას” ესტუმრება, ხოლო “ანდორა” 23 დეკემბერს, “ბილბაოს” დაუხვდება.

0.12553