ფეხბურთი

2:25 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკომ” მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

უკანასკნელ სამ ტურში მეორე თამაში წააგო “ვალენსიამ” და მე-2 ადგილი დაკარგა. “ღამურები” გასვლაზე “ეიბარს” დაუპირისპირდნენ და მატჩის მიწურულს გაშვებული გოლის გამო, “მესტალიაზე” ქულის გარეშე დაბრუნდებიან.

“ლოს ჩე” აღნიშნულ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდა. ტრავმების გამო ეზეკიელ გარაიმ, ჯეისონ მურილიომ და კარლოს სოლერმა ვერ ითამაშეს, ხოლო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სიმონე ძაძა დისკვალიფიცირებული გახლდათ. გარდა ამისა, მხოლოდ 20 წუთით შეძლო თამაში გონსალო გუედეშმა, რომელმაც ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა და ფორმაში შესასვლელად დრო დასჭირდება.

ჩამოთვლილმა პრობლემებმა “ღამურების” თამაშს სერიოზული დაღი დაასვა და საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა. მარსელინიო ტორალის გუნდს განსაკუთრებით წამყვანი ცენტრალური მცველების არყოფნა დაეტყო და მეორე გაშვებული ბურთი სწორედ რუბენ ვეზოს სინდისზეა.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარი კი მასპინძელთათვის მშვენივრად დაიწყო: 49-ე წუთზე დანი პარეხოს და მარტინ მონტოიას შეუთანხმებელი თამაშით ტაკაში ინუიმ ისარგებლა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. “ღამურებმა” მალევე გაათანაბრეს, 57-ე წუთზე სანტი მინამ ახლო მანძილიდან შეაგდო. დასკვნით ნახევარ საათში შეხვედრა ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, რომ ფრე ლოგიკური შედეგი გახლდათ, თუმცა 87-ე წუთზე ხოან ხორდანმა მეორე სართულზე ბრძოლაში რუბენ ვეზო დაჩაგრა და თავური დარტყმით გამარჯვების შეაგდო – 2:1.

“ვალენსიას” მარცხით ისარგებლა “ატლეტიკომ”, რომელმაც შინ აუტსაიდერი “ალავესის” დამარცხება შეძლო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. მადრიდელებს მოგება ძალიან გაუჭირდათ, თუმცა მიმდინარე სეზონში ეს დიეგო სიმეონეს შეგირდებისთვის უცხო რამ არაა. “როხიბლანკო” უმეტეს შემთხვევაში მაღალი ხარისხის თამაშს ვერ აჩვენებს, თუმცა მაინც ძალიან კარგ შედეგს დებს: 10 მოგება და 6 ფრე. აღსანიშნავია, რომ ამ 10 გამარჯვებიდან მადრიდელებმა მეხუთე 1:0 მოიგეს. მასპინძლებმა შეცვლაზე შემოსული ფერნანდო ტორესის გოლით იმარჯვეს, რომელმაც 74-ე წუთზე პაჩეკოს კარი ახლო მანძილიდან აიღო – 1:0.

ბასკური დერბი შედგა “სან მამესზე”, სადაც ადგილობრივი “ბილბაო” “სოსიედადს” დაუხვდა. შეხვედრა სტუმართა მცირე უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლების გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო და აქტივში თითო ქულა ჩაიწერა.

ატლეტიკო – ალავესი 1:0 (0:0)

გოლი: ფ.ტორესი (74)

ეიბარი – ვალენსია 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ინუი (49), 1:1 მინა (57), 2:1 ხორდანი (87)

ბილბაო - სოსიედადი 0:0

თეგებილა ლიგა
0.123275