მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ანტუან გრიზმანის გუნდიდან წასვლის შესახებ ალაპარაკდა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, თუ ფრანგ შემტევს “როხიბლანკოდან” წასვლა ენდომება, მას არ დააყოვნებენ.
“როდესაც გრიზმანი მოვა და მეტყვის, მისტერ, ერთადერთი შანსი მაქვს, წასვლა მინდა – მე მას გავუშვებ.
მე მიყვარს ყველა ჩემი ფეხბურთელი და მომწონს, როდესაც ისინი იზრდებიან. თუ გრიზმანი წასვლას მოინდომებს და ეს მისი კარიერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მას არ დავაბრკოლებთ”, - აღნიშნა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანს ბოლო პერიოდში “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ. მეტიც, ცოტა ხნის წინ, ესპანურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, ფრანგი “ბლაუგრანას” შეუთანხმდა და “კამპ ნოუზე” ზაფხულში გადაბარგდება.