საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში საიუბილეო ნიშნულს უწია. საქმე ისაა, რომ გუშინ, “ანადოლუ ეფესთან” შეხვედრაში “ბასკონიას” კაპიტანმა ევროლიგაში 800 ქულა მიითვალა.
თორნიკეს დებიუტი ევროლიგაში 2011 წელს, ბელგიური “შარლერუას” რიგებში შედგა. მას შემდეგ ჩვენებურმა ამ ტურნირზე 78 შეხვედრა ჩაატარა და მთლიანობაში 809 ქულა დააგროვა (356 მოხსნა, 51 ჩაჭრა, 94 პასი, 36 დაფარება).
შენგელიას საშუალო სტატისტიკური მონაცემები ევროლიგაში ასეთია: 10.4 ქულა, 4.6 მოხსნა, 0.7 ჩაჭრა, 1.2 პასი, 0.5 დაფარება. ორქულიანი – 248/482. სამქულიანი – 36/110. საჯარიმო – 205/270.
რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე სეზონს, ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგის 12 მატჩში საკუთარ გუნდს 167 ქულა შესძინა.