610 მატჩი და 347 გოლი – ეს ციფრები მსოფლიოს დონის ბევრ ფორვარდს შეესაბამება და დაამშვენებდა. ეს ციფრები კი შოთა არველაძის საფეხბურთო კარიერის მონაგარია. შოთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (61 მატჩი, 26 გოლი) და შეიძლება იმის თქმაც, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ქართველი ფორვარდიც იყო.
რამდენჯერ გვინატრია – ეჰ, ნეტავ დღეს გვყავდეს ასეთი კალიბრის შემსრულებელი წინა ხაზშიო... დრო მიდის და ახლა შოთა არველაძის საფეხბურთო კარიერაზე საუბარი მხოლოდ წარსულ დროში შეგვიძლია. მართალია, ჩვენებურს ტოპ ლიგაში არ უთამაშია, თუ არ ჩავთვლით კარიერის ბოლოს ესპანურ “ლევანტეში” ასპარეზობას, რომლის ღირსებაც მხოლოდ 4 მატჩში დაიცვა. მიზეზი კი ფეხის ქორნიკული ტრავმა იყო, რის გამოც 2008 წელს კარიერის დასრულებაც მოუხდა.
არადა, იქამდე, ერთი წლით ადრე ჩინებულ ფორმაში გახლდათ და არაფერი მოასწავებდა იმას, რომ ბუცებს ლურსმანზე მალევე დაკიდებდა. ამბობენ, ფეხბურთელი გულშემატკივირს სიყვარულით ფასობსო და ამ მხრივაც ჩვენებურმა თავისი კვალი დატოვა. სადაც იყო, ყველგან ახსოვთ და აფასებენ. თანაც, სულაც არ ყოფილა მეორეხარისხოვან როლებში.
თბილისის “დინამო” (77 თამაში, 63 გოლი), “ტრაბზონსფორი” (123 თამაში, 81 გოლი), “აიაქსი” (124 თამაში 72 გოლი), “რეინჯერსი” (132 თამაში, 57 გოლი), “ალკმაარი” (89 თამაში, 48 გოლი) – შედეგებიდანაც ჩანს, რომ არველაძემ სიტყვა ყველა იმ გუნდში თქვა, სადაც უთამაშია, “ლევანტეს” გამოკლებით, რომლის მიზეზებზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
გარდა იმისა, რომ ახლა უკვე 44 წლის შოთა საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო გოლეადორია, ასევე პირველია ქართველ ფეხბურთელებს შორის, ევროპულ ასპარეზზე გატანილი გოლებით – 63 მატჩი და 32 გოლი. აქედან 27 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა უეფას თასზე გაიტანა (უეფას თასზე გატანილი გოლების აბსოლუტური უმეტესობა შეგიძლია ნახოთ ჩვენს ვიდეოებში). აი, დღეს რომ ევროპა ლიგა ეწოდება.
ჩვენებური ამ ტურნირის ყველა დროის გოლეადორთა შორის კარგა ხანს ხუთეულშიც იყო, მაგრამ 10 დღის წინ ესპანელმა არიც ადურისმა ერთი გოლით აჯობა და მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა. სხვათა შორის, 1997 წელს, სლოვენიურ “მარიბოთან” შოთამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ოფიციალურ წყაროები მხოლოდ დუბლს აღნიშნავენ და მესამე გოლი, რომელიც 82-ე წუთზე გაიტანა, ბენი მაკარტის მიაწერეს. არადა, ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ ბურთი კარის ხაზს ქართველის ფეხიდან კვეთს. ეს გოლიც მის აქტივში რომ ჩაეწერათ სტატისტიკოსებს, 28 გოლი იქნებოდა უეფას თასის გათამაშებაში. მაგრამ, არც 27 გახლავთ დაბალი შედეგი. ამჟამად მას მხოლოდ ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები სჯაბნიან, როგორებიც ჰენრიკ ლარსონი, კლაას-იან ჰუნტელაარი, რადამელ ფალკაო, დიტერ მიულერი და არიც ადურისი არიან...
2005 წლის ზაფხულში არველაძემ “გლაზგო რეინჯერსი”, სადაც ძველებურად ვეღარ იყო მოწინავე პოზიციებზე, დატოვა და ძველ ნაცნობს, ლუის ვან გაალს დაეხმარა “აზ ალკმაარში”. თითქოს ეს უკან გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, მაგრამ “ალკმაარში” ჩვენებურს მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა. ჰოლანდიურ ერედივიზიონს რომ თავი დავანებოთ (ორ სეზონში 36 გოლი), უეფას თასზე ჩინებულად ირჯებოდა. მეტწილად, 2006-2007 წლების სეზონში. პლეი-ოფის სტადიაზე “ნიუკასლს” “სენტ ჯეიმს პარკზე” მოხდენილი გოლი გაუტანა თავური დარტყმით, მერე ჰოლანდიაშიც დაამწუხრა შეი გივენი. იმავე სეზონში, უეფას თასის მოქმედ და მომავალ ტრიუმფატორ “სევილიას” დუბლი შეუსრულა – “რამონ სანჩეს პისხუანი” შოთამ ორჯერ დაადუმა.
საქართველოს ნაკრებშიც არაერთხელ მოუნიჭებია დიდი სიხარული. შესაძლოა, მაშინ სათანადოდ ვერ ვაფასებდით, მაგრამ ახლა ნათლად ჩანს, რომ მისი სახით ჩვენს ნაკრებს დიდი ფეხბურთელი ჰყავდა – ბოლო, 26-ე გოლი არველაძემ მისთვის კარგად ნაცნობ ქალაქსა და სტადიონზე გაიტანა: გლაზგოში, “ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიის ნაკრების კარი ულამაზესი თავური დარტყმით დალაშქრა. თქვენი არ ვიცი, ჩემთვის ეს გოლი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. იყო მასში რაღაც განსაკუთრებული –მცველებს ზურგს უკან ჩასაფრებული რომ გამოფრინდა და ალექს მაკლიში დაამწუხრა, რომელიც “რეინჯერსში” ყოფნის ბოლო პერიოდში აღარ სწყალობდა. მნიშვნელოვანი გოლების გატანაც სჩვეოდა და ლამაზი გოლებიც უყვარდა. ზემოხსენებულ გოლს თავი რომ დავანებოთ, “ალკმაარში” თითქმის ყოველი მეორე ბურთი შედევრის ტოლფასი იყო. ან თუნდაც, კარიერის დასაწყისში, მთელი თურქეთი რომ გააგიჟა – “ეშკიშეჰირსფორის” კარში გატანილი გოლი თამამად შეგვიძლია საფეხბურთო ენციკლოპედიაში შევიტანოთ. ეს 1995-1996 წლების სეზონში მოხდა, როდესაც მეტოქის კარამდე ბურთი თავის კენწვლით მიიტანა ისე, რომ მეტოქე მცველს ვერც გაეგო მის ირგვლივ რა ხდებოდა და დიდი ეჭვი მაქვს, ახლაც ვერ გარკვეულა იმ წამიერი მომენტის არსში.
ასე ხდებოდა – ვიზავი მცველები ხშირად ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა მათ თავს, როდესაც შოთა არველაძის შეჩერებაზე მიდგებოდა საქმე...
P.S შოთა არველაძის უეფას თასზე გატანილი გოლები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვიდეოში, ხოლო მეორე ნაწილი ქვემოთ მითითებულ ბმულზე.