კალათბურთი

2:41 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩის საოცარი სამქულიანი საკალათბურთო ელ კლასიკოში (+VIDEO)

ევროლიგის მე-12 ტურში საკალათბურთო ელ კლასიკო გაიმართა. "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" მიიღო და დამაჯერებლად 87:75 დაამარცხა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მადრიდელები შესვენებაზე მხოლოდ ორქულიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 14-ქულიანი სხვაობით მოიგეს და უკანასკნელი პერიოდის წინ 16 ქულით დაწინაურდნენ. კატალონიელებმა შეხვედრის დასკვნით მონაკვეთში სხვაობის შემცირება შეძლეს და საბოლოოდ 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

შეუდარებელი იყო მადრიდელთა 18 წლის ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი, რომელმაც 26:22 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 ჰქონდა და ამ მხრივაც საუკეთესო გახლდათ: მის შემდეგ მყოფი ფელიპე რეიესი თინეიჯერ თანაგუნდელს საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა (19).

განსაკუთრებული და საოცარი მომენტი კი მესამე პერიოდის ბოლო წამს ვიხილეთ, როდესაც "ბარსელონამ" ორქულიანი შეტევა წარმატებით დაასრულა და "რეალს" შესატევად ერთი წამიღა ჰქონდა დარჩენილი, დონჩიჩმა საკუთარი საჯარიმო ზონიდან ისროლა და ბრწინვალე ბურთი ჩააგდო, რომლის ნახვაც აქვე შეგიძლიათ.

"რეალი" 6 მოგებით და 6 წაგებით მე-8 ადგილზეა, ხოლო "ბარსელონა" 4 გამარჯვებით და 8 მარცხით მე-12 პოზიციას იკავებს.

0.115823