ავტოსპორტი

3:54 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი იმედოვნებს რომ 2018-ში ალონსო ტიტულისთვის იბრძოლებს

ლუის ჰამილტონი იმედოვნებს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს, მომავალ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლას საშუალება მიეცემა. როგორც ცნობილია, ალონსოს „მაკლარენმა“ ძრავის მიმწოდებელი შეიცვალა და ახალი სეზონიდან, მას პარტნიორობას „ჰონდას“ ნაცვლად, „რენო“ გაუწევს. ეს კი უოკინგელებს მოწინავეთა შორის დაბრუნების იმედს აძლევს.

ჰამილტონი და ალონსო „მაკლარენში“ ერთად 2007 წელს გამოდიოდნენ და ის სეზონი მათ თანაბარი ქულებით, ზიარ მეორე ადგილზე დაასრულეს. და მხოლოდ ერთი ქულა წააგეს კიმი რაიკონენთან, რომელმაც „ფერარის“ მსოფლიო ჩემპიონის ჯერჯერობით ბოლო ტიტული მოუპოვა. იმავე სეზონის ბოლოს, ესპანელმა გუნდ დატოვა, ჰამილტონმა კი შემდეგი სეზონი მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებით დაასრულა.

„მაკლარენში“ ერთად ყოფნისას, მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა დროთა განმავლობაში, მათი ურთიერთდამოკიდებულება გაუმჯობესდა. გასულ სეზონში, მათ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ბრძოლა ჰქონდათ მექსიკის დიდი პრიზის რბოლისას. მათ მანქანებს შორის დიდი სხვაობის მიუხედავად, ალონსო რამდენიმე მოსახვევში გაუძალიანდა ჩემპიონატის ლიდერის ზეწოლას.

ჰამილტონი ამბობს, რომ მომავალ სეზნში ალონსოსთან ბევრი მსგავსი პაექრობა სურს: „ამ სეზონის ბოლოს, ფერნანდოსთან ბრძოლა გადამხდა და მინდა, მასთან მსგავსი ბრძოლები, უფრო თანაბარ პირობებში მქონდეს. მათ ძალიან რთული პერიოდი ჰქონდათ. 13 წლიდან „მაკლარენში“ ვიზრდებოდი და ამ გუნდზე ყოველთვის ვფიქრობ. კვალიფიკაციის შემდგ ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, სადაა ფერნანდო. ყოველთვის მაინტერესებს, შეძლეს თუ არა პროგრესი. ჩემს გულში მათთვის ყოველთვის არის განსაკუთრებული ადგილი, რადგან მათთან ერთად, ძალიან ბევრს მივაღწიე“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს:

„მართლა ძალიან, ძალიან მინდა, რომ მომავალი სეზონი მათთვის წარმატებული იყოს. მინდა, რომ მათთან ბრძოლის საშუალება მომეცეს, რადგან „მკლარენი“ იმსახურებს წინ ყოფნას. იმედი მაქვს, ახალი ძალური დანადგარით, ისინი ჩვენთან ახლოს იქნებიან. კარგი იქნება, თუ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი შეძლებს ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაბმას“.

ალონსოს ფ1-ის რბოლა ესპანეთის 2013 წლის დიდი პრიზის შემდეგ არ მოუგია. მაშინ ის „ფერარიში“ გამოდიოდა. ბოლო სამ სეზონში კი, რომლებიც „მაკლარენთან“ ერთად გაატარა, ხუთეულში რბოლა მხოლოდ სამჯერ დაასრულა.

მართალია, ამჟამად „მკლარენს“ ზეკ ბრაუნი ხელმძღვანელობს, მაგრამ ჰამილტონი ამბობს, რომ ეს გუნდი მისთვის ძველ შეფ რონ დენისთან ასოცირდება: „ეს შესანიშნავი გუნდია, განსაკუთრებული ისტორიით. ძალიან ვაფასებ იმას, რაც მისთვის რონმა გააკეთა. მნიშვნელობა არ აქვს, გუნდს ამჟამად ვინ მართავს. ჩემთვის ეს ყოველთვის რონის გუნდი იქნება“.

0.167299