ფეხბურთი

23:32 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ალ ჯაზირამ" ვერ გაძლო, "რეალი" ფინალშია (+VIDEO)

მადრიდის “რეალი” საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ამისთვის ზინედინ ზიდანის გუნდს ძალზე ბევრი ნერვიულობა და ოფლის ღვრა მოუწია. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, “ალ ჯაზირამ” მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ერთი ხანობა ამარცხებდ აკიდეც.

ცალკე საკითხია, რომ ესპანელებს აურაცხელი რაოდენობის საგოლე მომენტები ჰქონდათ. მატჩის საწყის პერიოდში უბრალოდ შეუდარებელი იყო “ალ ჯაზირას” კაპიტანი, მეკარე ალი ხასეიფი – მან პირველ ტაიმში რვა სეივი შეასრულა და მიმდინარე სეზონში არცერთ მეკარეს პირველ ნახევარში ამდენჯერ საკუთარი გუნდი გოლისგან არ გადაურჩენია (“რეალის” წინააღმდეგ). მასპინძლები არ უშინდებოდნენ მადრიდულ გრანდს და თავადაც სცდილობდნენ კონტრშეტევაზე ხელი რამისთვის გამოეკრათ. ტაიმის ბოლოს საწადელიც აისრულეს – ბრაზილიელმა რომარინიომ მცველთა უყურადღებობით ისარგებლა და ტექნიკური დარტყმით ბურთი ბადეში მოათავსა – 1:0.

“ალ ჯაზირამ” ტაიმი მოიგო. ეს, მიუხედავად იმისა, რომ “სამეფო კლუბი” კოლოსარულ უპირატესობას ფლობდა და უამრავი საგოლე მომენტი შექმნა. სხვათა შორის, ზიდანის გუნდმა პირველ ნახევარში ორჯერ გაიტანა, მაგრამ ჯერ რონალდუ არღვევდა თამაშის წესს, მერე ბენზემა თამაშგარეში იყო და ორივე გოლი გაუქმდა.

მეორე ტაიმიც პირველის ანალოგი გამოდგა: თუმცა, თავიდან ჰენკ თენ კატეს გუნდმა მეორე გაიტანა. რომარინიო და ბუსუფა კეილორ ნავასთან პირისპირ დარჩნენ, ბრაზილიელმა მაროკოელს უპასა და მანაც გაიტანა. თითქოს 2:0, მაგრამ... ვიდეორეფერიმ ბუსუფაზე თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გაუქმდა. არადა, 2:0 რა კომფორტული უპირატესობა იქნებოდა “ალ ჯაზირასთვის”?! იქვე, მასპინძლეთა შორის საუკეთესო ალი ხასეიფიმ შეცვლა მოითხოვა. 30 წლის მეკარემ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და ვეღარ გაძლო. მისი გასვლა და “რეალის” გოლი ფაქტობრივად ერთი იყო – რონალდუმ გაათანაბრა. ისე, ურიგოდ არც ალი ხასეიფის შემცვლელ ალ სენანის უთამაშია და მანაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. რაც შეეხება რონალდუს გოლს – დაცვა ჩავარდა და პორტუგალიელმა შანსი გამოიყენა. სხვათა შორის, კრიშტიანუ გახდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი (6 გოლი). მან ლიონელ მესი, ლუის სუარესი და სეზარ დელგადო მოიტოვა უკან (5 გოლი). “რეალმა” ზეწოლა ისევ გააგრძელა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. ხან ალ სენანი თამაშობდა კარგად, ხანაც ქარიმ ბენზემა სცოდავდა: ფრანგმა ორჯერ მოარტყა კარის ძელს და ბოლოს ზიდანსაც მობეზრდა მისი მოედანზე ყოფნა და გარეთ ბეილით ჩაანაცვლა.

უელსელი გახდა მატჩის გმირი: პირველი შეხებით შეძლო გატანა და ამ გოლმა “რეალი” ფინალში გაიყვანა. “რეალს” შეუძლია გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ზედიზედ ორჯერ მოიგებს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს. ამისთვის ესპანელებს 16 დეკემბერს, ბრაზილიური “გრემიოს” დამარცხება სჭირდებათ.

“ალ ჯაზირას” კი, უბრალოდ, ყოჩაღ!

“ალ ჯაზირა” – “რეალი” 1:2 (1:0)

აბუ დაბი, “ზაიედ სპორტი”

“ალ ჯაზირა” (5-3-2): ალი ხასეიფი (ალ სენანი 51); ალ ათასი, ფაიეზი, ალი აიედი, ხუმა, ობაიდი; იუსუფი (ალ გილანი 72), ალაჰმადი (ალ ოტაიბა 60), ბუსუფა; რომარინიო, მაბხუთი

მწვრთნელი: ჰენკ თენ კატე

“რეალი” (4-3-1-2): ნავასი; ჰაკიმი, ვარანი, ნაჩო, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კოვაჩიჩი (ვასკესი 68); ისკო (ასენსიო 68); ბენზემა (ბეილი 80), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 რომარინიო (41), 1:1 რონალდუ (53), 1:2 ბეილი (81)

გაფრთხილება: ალ აიედი (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 35 (12) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 0:19 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: სანდრო რიჩი (ბრაზილია)

0.118398