ფეხბურთი

10:12 | 12.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

წარსულის ანგარიშებით აწმყოში

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა უკვე გაიმართა და წყვილების შესახებ ბუნებრივია, ყველამ ყველაფერი იცის.

WORLDSPORT.GE კი წარმოგიდგენთ რვავე წყვილის შესახებ ურთიერთშეხვედრათა ისტორიას, საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს – მივყვეთ თანმიმდევრობით:

“იუვენტუსი” – “ტოტენჰემი” (13 თებერვალი, 7 მარტი)

ეს გუნდები ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან. შესაბამისად, მათი ურთიერთშეხვედრათა ისტორიის ათვლა ტურინიდან დაიწყება. თუმცა, სამჯერ ამხანაგურად მაინც უთამაშიათ ერთმანეთში – 1960 წელს, “იუვემ” 2:0 მოიგო ტურინში, 2016 წლის ზაფხულში მელბურნში, ასევე “ბებერმა ქალბატონმა” იმარჯვა (2:1), ხოლო გასულ ზაფხულს ლონდონში მასპინძლებმა ივარგეს (2:0).

თუმცა, ეს მხოლოდ სპარინგები. ოფიციალურ დონეზე ისინი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეორედ თამაშობს. პირველად ეს 2010-2011 წლების სეზონში მოხდა და მაშინ “დეზებმა” იტალიური, კერძოდ, “მილანის” ბარიერი გადალახეს (1:0, 0:0). ნიშანდობლივია, რომ იმხანად “როსონერის”, “ბიანკონერის” დღევანდელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თავკაცობდა.

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ “იუვენტუსს” პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებთან ძალიან, ძალიან უჭირს. ტურინელთათვის ევროსარბიელზე ალბიონელებთან ბოლო ხუთი დაპირიპისპირება პლეი-ოფში ფატალურად დასრულდა – 1999 წელს “მანჩესტერმა” დაამარცხა, 2005 წელს “ლივერპულმა”, 2006 წელს “არსენალმა” და 2010 წელს “ფულჰემმა” (ევროპა ლიგაზე).

“ტოტენჰემა” ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში ძალიან ცუდად ითამაშა - ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლია, ხოლო “იუვენტუსმა” ფინალამდე მიაღწია და იქ “რეალთან” ვერაფერს გახდა.

“ბაზელი” – “მანჩესტერ სიტი” (13 თებერვალი, 7 მარტი)

“მანჩესტერ სიტი” ისეთ ფორმაშია, ალბათ მერვედფინალში ყველასთან ფავორიტი იქნებოდა და ბუნებრივია, არც “ბაზელია” გამონაკლისი. შვეიცარიის ჩემპიონი პეპ გვარდიოლას გუნდის ტოლ-სწორ მეტოქედ ნამდვილად ვერ შეფასდება. თუმცა...

...“ბაზელს” ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 4 მარცხი აქვს. შვეიცარიელებმა 5-ჯერ გაიმარჯვეს, ხოლო 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ “სიტის” მერვედფინალური ბარიერი ერთადერთხელ (2015-2016 წლების სეზონში) აქვს დაძლეული.

“ქალაქელებმა” შარშან ამავე ეტაპზე “მონაკოსთან” ვერ გააწყვეს ვერაფერი. რაც შეეხება “ბაზელს” – წარმატებული არც მისთვის ყოფილა გასული სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე: ჯგუფში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და ბოლო ადგილზე გავიდა.

“პორტუ” – “ლივერპული” (14 თებერვალი, 6 მარტი)

“ლივერპულმა” ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად ითამაშა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ იურგენ კლოპის გუნდი მაინც და მაინც, მძიმე ჯგუფში არ ყოფილა. და მაინც, “პორტუ” ბოლო პერიოდში ვეღარაა ისეთი კარგი, როგორიც გვახსოვს. შესაბამისად, ინგლისური გუნდის შანსი უფრო ფასობს.

აქამდე ამ გუნდთა გზები ერთადერთხელ, 2007-2008 წლების სეზონში გადაიკვეთა ჯგუფურ ეტაპზე. “დრაგაუზე” გუნდებმა გოლები გაცვალეს, ხოლო “ენფილდზე” მასპინძლების სიძლიერე თვალსაჩინო იყო – 4:1.

“პორტუმ” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალამდე შეძლო მისვლა, სადაც “იუვენტუსთან” უშანსოდ დამარცხდა (0:2, 0:1). ხოლო “ლივერპული” ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე აქამდე ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში თამაშობდა და ალბათ, ჯობდა არც ეთამაშა. “რეალთან”, “ბაზელთან” და “ლუდოგორეცთან” ქვეჯგუფში “წითლებმა” მხოლოდ 5 ქულა დააგროვეს და პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.

“რეალი” – პსჟ (14 თებერვალი, 6 მარტი)

მერვედფინალების მთავარი მატჩი ალბათ მაინც “რეალი” – “პარი სენ ჟერმენია”. სხვა თუ არაფერი, “სამეფო კლუბი” ბოლო ორი სეზონის ტრიუმფატორია, ხოლო ფრანგებმა ჯგუფურ ეტაპზე ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენეს. კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარის დუელიც საინტერესო სანახავი იქნება.

ისე კი, ეს გუნდები აქამდე ოფიციალურ დონეზე 6-ჯერ დაუპირისპირდნენ და სრული თანაფარდობაა: 2-2 მოგება/წაგება და ამდენივე ფრე. 1992-1993 წლების სეზონში, უეფას თასის მეოთხედფინალში პსჟ უფრო ძლიერი გამოდგა (1:3 მადრიდში და 4:1 პარიზში). ერთი წლის თავზე, იმავე ეტაპზე, ოღონდ თასების თასზე, ისევ პარიზელებმა მოიგეს (1:0 მადრიდში და 1:1 პარიზში). ბოლო დაპირისპირება კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა ორი წლის წინ – პარიზში გოლი არ გასულა, ხოლო ესპანეთში “რეალმა” იმძლავრა (1:0).

მოკლედ, როგორც ხედავთ, პლეი-ოფის სტადიაზე პსჟ-მ “რეალი” ორჯერ გამოთიშა გათამაშებას...

კრიშტიანუ რონალდუმ ფრანგული გუნდების წინააღმდეგ 12 მატჩში 12 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (8 გოლი, 4 პასი). უნაი ემერის გაწვრთნილ გუნდებს კი “სანტიაო ბერნაბეუზე” არასდროს მოუგიათ (9 მარცხი და 1 ფრე).

პსჟ-მ “რეალს” გოლი ბოლოს 1994 წლის მარტში გაუტანა. თასების თასის მეოთხედფინალში პარიზელთაგან თავი რიკარდომ გამოიჩინა. საერთოდ კი “პარი სენ ჟერმენს” “რეალთან” ბოლო სამი თამაში არ მოუგია (2 ფრე, 1 მარცხი), ხოლო უკანასკნელ ორ შეხვედრაში ფრანგებმა გოლიც ვერ გაიტანეს.

“რეალმა” გასულ გათამაშებაში ჩემპიონობა მოახერხა, პსჟ კი მერვედფინალიდან დაემშვიდობა ტურნირს: “ბარსელონასთან” შინ 4:0 გამარჯვების შემდეგ უნაი ემერის გუნდი “კამპ ნოუზე” შერცხვა – 1:6.

“ჩელსი”– “ბარსელონა” (20 თებერვალი, 14 მარტი)

მერვედფინალების ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება “ბარსელონასა” და “ჩელსის” შორის შედგება. თავიდანვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ამ გუნდთა გზები უკვე მეშვიდედ გადაიკვეთა. ლიგის საპლეი-ოფო სტადიაზე ამაზე ხშირი წყვილი მხოლოდ “რეალი” – “ბაიერნია” (რვაჯერ).

1999-2000 წლების სეზონში ლონდონელებმა შინ 3:1 მოიგეს, მაგრამ მერე “კამპ ნოუზე” დამატებით დროში 1:5 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ. ინგლისურმა გუნდმა რევანში 5 წლის შემდეგ, მერვედფინალში აიღო (ესპანეთში 1:2, ინგლისში 4:2). ერთი წლის თავზე უფრო ძლიერი “ბარსა” გამოდგა, რომელმაც მეტოქეს ჯერ ლონდონში მოუგო (2:1), ხოლო შინ დაზავდა (1:1). არანაკლებ დრამატული იყო 2008-2009 წლების სეზონის ნახევარფინალი – ბარსელონაში გოლი არ გასულა, ხოლო “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსი” ბოლო წუთამდე იგებდა, მაგრამ ანდრეს ინიესტას გოლმა პეპ გვარდიოლას გუნდი ფინალში გაიყვანა (1:1). ბოლო დაპირისპირება კი 2012 წლის გაზაფხულით თარიღდება – ინგლისში “ჩელსიმ” 1:0 იმარჯვა, მერე “ბარსა” შინ 2:0 იგებდა, მაგრამ თამაშის სადავეები ხელიდან გაუშვა და ფინალს მიღმა დარჩა (2:2). გარდა ამისა, ერთი დაპირისპირება ჯგუფურ ეტაპზეც შედგა: 2006-2007 წლების სეზონში, “ჩელსიმ” შინ 1:0 მოიგო, ესპანეთში კი ფრე დაფიქსირდა – 2:2.

“ჩელსი” და “ბარსელონა” პირველად 1965-1966 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ უეფას თასის ნახევარფინალში. გუნდებმა საკუთარ მოედნებზე ერთნაირად, 2:0 იმარჯვეს, ხოლო გადათამაშებაში ესპანელებმა მეტოქე 5:0 გაანადგურეს და ფინალში გავიდნენ. ჯამში კი სრული თანაფარდობაა: 15 თამაში, 5-5 მოგება/წაგება და ამდენივე ფრე.

“ბარსელონამ” ინგლისური გუნდების ბარიერი პლეი-ოფში ბოლო შვიდი მცდელობიდან 6-ჯერ გადალახა. ერთადერთი გამონაკლისი 2011-2012 წლების სეზონის ნახევარფინალია – “ბლაუგრანა” მაშინ სწორედ “ჩელსისთან” დამარცხდა. ლეო მესისთვის კი “ჩელსი” ყველაზე უხერხული მეტოქეა. ამაზე ციფრებიც მეტყველებენ: 8 თამაში, 29 დარტყმა და 0 გოლი. არგენტინელმა 2012 წლის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში პენალტიც ვერ გაიტანა.

“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში არ უთამაშია, ხოლო იქამდე, 2015-2016 წლების სეზონში ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა (დამარცხდა რა, პსჟ-სთან). რაც შეეხება “ბარსელონას” – “ბლაუგრანამ” გასულ გათამაშებაში მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც “იუვენტუსთან” ვერაფერი გააწყო (0:3, 0:0).

“ბაიერნი” – “ბეშიქთაში” (20 თებერვალი, 14 მარტი)

“ბაიერნისა” და “ბეშიქთაშის” გზები 21 წლის შემდეგ პირველად გადაიკვეთა. 1996-1997 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “რეკორდმაისტერი” ერთი თავით აღემატებოდა “არწივებს” (ორივე თამაში 2:0 მოუგო). საერთო ჯამში კი თურქულ გუნდებთან არასდროს წაუგია (3 მოგება და 1 ფრე).

ბევრი წინასწარმეტყველება არ სჭირდება იმას, რომ იუპ ჰაინკესის გუნდი ახლაც უდაო ფავორიტია. ისიც სათქმელია, რომ “ბეშიქთაში” პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა და გახდა პირველი თურქული გუნდი, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა.

“ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც მომავალ ჩემპიონ “რეალთან” დამატებით დროში დამარცხდა. რაც შეეხება “ბეშიქთაშს” – თურქეთის ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა მას შემდეგ რაც, 7 ქულა დააგროვა და ეს მხოლოდ მესამე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

“შახტარი” – “რომა” (21 თებერვალი, 13 მარტი)

ამ წყვილში თითქოს ფავორიტი რომაული გუნდია, მაგრამ არც “შახტარის” ჩამოწერა ივარგებს. მეტიც, უკრაინელები ძალზე ბედნიერები არიან, რომ თამაში “რომასთან” მოუწევთ. მაგალითად, დონბასელთა ნახევარმცველმა სტეპანენკომ მოკლედ მოჭრა, რომ “რომა” არც “ბარსელონაა” და არც “პარი სენ ჟერმენიო”...

სიმართლე რომ ვთქვათ, “შახტარს” ოპტიმიზმის საფუძველი აქვს და ამაზე უდაოდ მეტყველებს ამ გუნდთა ურთიერთშეხვედრათა ისტორია:

“რომა” და “შახტარი” აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრილან. უკრაინელები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ. ამ გუნდთან პირველი დაპირისპირება “ჯალოროსიმ” (4:0) მოიგო, თუმცა ბოლო სამი თამაში დონეცკელთა სასარგებლოდ დასრულდა (1:0, 3:2, 3:0) მათ შორის, უკანასკნელი ორ თამაში სწორედ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ჩატარდა 2010-2011 წლების სეზონში.

“რომასა” და “შახტარს” შარშან ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ უთამაშიათ. იქამდე კი, 2015-2016 წლების სეზონში იტალიური გუნდი მერვედფინალში “რეალთან” დამარცხდა, ხოლო უკრაინული გუნდი ქვეჯგუფში 3 ქულით ჩარჩა.

“მანჩესტერი” – “სევილია” (21 თებერვალი, 13 მარტი)

“მანჩესტერი” და “სევილია” ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ. აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს ერთადერთხელ და ისიც ამხანაგურად შეხვედრილან. 2013 წლის აგვისტოში ესპანელებმა იმძლავრეს (3:1). სამაგიეროდ, ანდალუზიელებს კარგად იცნობს და გადასარევი სტატისტიკაც გააჩნია “წითელი ეშმაკების” თავკაცს...

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდებმა “სევილიასთან” რვაჯერ ითამაშეს და აქედან 7 თამაში პორტუგალიელის გუნდებმა მოიგეს, ხოლო ესპანელებმა მხოლოდ – ერთი. თავის მხრივ “სევილია” გასულ სეზონში სწორედ 1/8-ფინალურ ეტაპზე ინგლისურ გუნდთან დამარცხდა (“ლესტერი”).

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2015-2016 წლების სეზონში თამაშობდა და სასახელო ვერაფერი გააკეთა. არცთუ ისე ძლიერ ჯგუფში (“ვოლფსბურგი”, პსვ და ცსკა) 8 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფს მიღმა აღმოჩნდა. “სევილია” კი შარშან მერვედფინალში დამარცხდა “ლესტერ სიტისთან”.

...მოკლედ, წინ ძალზე საინტერესო სანახაობა და ბევრი ლამაზი თამაში გველოდება. ჩემპიონთა ლიგა ორთვიან არდადეგებზე გავიდა...

0.129934