ფეხბურთი

2:00 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონამ” “ესტადიო დე ლა კერამიკაზე” იმარჯვა

ლა ლიგის მე-15 ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა და ოთხივე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. დღის გამორჩეული მატჩი “ესტადიო დე ლა კერამიკაზე” გაიმართა, სადაც “ვილიარეალს” გათამაშების ლიდერი “ბარსელონა” ესტუმრა, რომელმაც მასპინძელთა გატეხვა ბოლოსკენ მოახერხა და “ვალენსიასთან” არსებული 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

პირველი ნახევარი მწირი სახიფათო მომენტებით გამოირჩა. ყველაზე რეალური საგოლე შანსი ხერარდ პიკეს ჰქონდა, რომელმაც მე-4 წუთზე თავური დარტყმით ბურთი ხარიხას გაარტყა. გოლის გატანა შეეძლო ლიონელ მესისაც, მაგრამ არგენტინელს სიზუსტემ უმტყუნა, ხოლო მასპინძელთაგან ყველაზე მეტად რობერტო შორიანო აქტიურობდა. იტალიელ ფეხბურთელს მე-16 წუთზე ტერ შტეგენმა აჯობა, ხოლო 20 წუთში მიზანმა დააღალატა და მწვავე კონტრშეტევა ცუდი დარტყმით დაასრულა.

გადამწყვეტი რაბას წითელი ბარათი გამოდგა, რომელმაც მე-60 წუთზე სერხიო ბუსკეტის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და რიკარდო ბენგოეჩეამ გასახდელისკენ მიუთითა. “ბარსელონამ” რიცხობრივი უპირატესობა შესანიშნავად გამოიყენა და ძალიან დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. “ყვითელი წყალქვეშა ნავები” რამდენჯერმე გაშვებულ გოლს გადაურჩნენ, თუმცა 72-ე წუთზე ვეღარაფერი გააწყეს და სტუმრებმა დაწინაურება შეძლეს: პაკო ალკასერმა და ლუის სუარესმა მშვენიერი კომბინაციით მეტოქის დაცვა გააშეშეს, ურუგვაელმა ფორვარდმა სერხიო ასენხიოც ჩამოიშორა და ცარიელ კარში გაიტანა.

ვალენსიელებმა მაინც გაიბრძოლეს და 76-ე წუთზე ტრიგეროსი შორი მანძილიდან დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ ტერ შტეგენმა ივარგა. 83-ე წუთზე კი, ვიქტორ რუისი ამოტანისას უხეშად შეცდა და ბურთი სერხიო ბუსკეტს ჩააბარა, რომელმაც ლიონელ მესის უპასა და არგენტინელმა ვარსკვლავმა მიმდინარე ლა ლიგაში მე-14 გოლი გაიტანა – 0:2.

ცნობისთვის, “ვილიარეალს” “ბარსელონასთვის” 2008 წლის 10 მარტის შემდეგ არ მოუგია.

“ატლეტიკო” გასვლაზე “ბეტისს” დაუპირისპირდა და 3 ქულის მოპოვება მძიმე ბრძოლაში მოახერხა. სევილიელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და უფრო მეტი მომენტიც შექმნეს, მაგრამ შესანიშნავად მოთამაშე იან ობლაკს ვერაფერი მოუხერხეს, ხოლო სტუმრებმა საკუთარი შანსი გამოიყენეს და დასახული ამოცანა შეასრულეს – გამარჯვების მომტანი გოლი 29-ე წუთზე საულმა გაიტანა.

ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ბილბაომ”, რომელმაც სტუმრად “ლევანტეს” მინიმალური სხვაობით სძლია, ხოლო “მალაგამ” “ანოეტაზე” “სოსიედადს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

სოსიედადი – მალაგა 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბასტონი (23 პენ.), 0:2 ჩ.კასტრო (58)

58-ე წუთზე ბასტონმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ლევანტე – ბილბაო 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ადურისი (5 პენ.), 1:1 ლაპორტე (73 ს.კ.), 1:2 პოსტიგო (79 ს.კ.)

ბეტისი – ატლეტიკო 0:1 (0:1)

გოლი: საული (29)

ვილიარეალი – ბარსელონა 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლ.სუარესი (72), 0:2 მესი (83)
გაძევება: რაბა (60 ვ.)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147836