ფეხბურთი

4:00 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ვესტ ჰემმა” ორთვიანი მოუგებელი სერია “ჩელსისთან” შეწყვიტა

პრემიერლიგის მე-16 ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა. “ვესტ ჰემი” “ოლიმპიკ სთედიუმზე” თანაქალაქელ “ჩელსის” დაუხვდა და დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება იზეიმა.

“ჩაქუჩებმა” შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე დაწინაურდნენ: მე-6 წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა მშვენივრად ითამაშა და ტიბო კურტუას შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა და მთელი მატჩის განმავლობაში ადრიანმა მხოლოდ ორჯერ მოიგერია ბურთი. მეორე ნახევარში კი, “არისტოკრატებს” მასპინძელთა კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამთ ზუსტად, თუმცა თამაშის მიწურულს ერთი 100%-იანი მომენტი მაინც შექმნეს და ალვარო მორატა ვალდებული გახლდათ გაეტანა, მაგრამ მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა და “ჩელსი” უქულოდ დარჩა, ხოლო “ვესტ ჰემმა” 30 სექტემბრის შემდგომ, პრემიერლიგაში პირველად იმარჯვა – 1:0.

ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა “ტოტენჰემმა”. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები “უემბლიზე” “სტოკს” დაუხვდნენ და შავი დღე აყარეს. “დეზებმა” საწყისი 45 წუთი რაიან შოუკროსის ავტოგოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში “დურგლები” არ დაინდეს. 53-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სონმა სხვაობა გაზარდა, ერთ წუთში ჰარი კეინმა თავური დარტყმით შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, ხოლო ათიოდე წუთში დუბლი გაიფორმა. 74-ე წუთზე “სტოკის” დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა - ამჯერად კრისტიან ერიკსენი დარჩა მეკარესთან ერთი-ერთზე და მეხუთედ აიღო ბატლანდის კარის ბადე. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი მე-80 წუთზე შეაგდეს: უგო ლორისი გამოსვლაზე შეცდა, რითაც შოუკროსმა ისარგებლა და თავური დარტყმით გაიტანა – 5:1.

კვლავ იმარჯვა “ბარნლიმ”, რომელიც მე-8 ადგილზეა, თუმცა ამ დროისთვის მე-4 პოზიციაზე მყოფ “ლივერპულს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. შონ დიჩის გუნდმა “უოტფორდს” უმასპინძლა და არფილდის გოლით აჯობა.

“კრისტალ პალასი” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთს” დაუხვდა და ოთხგოლა ფრე ეთამაშა. ოთხივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა, მაგრამ მასპინძლებს შეხვედრის მოგების ბრწყინვალე შანსი ბოლო წამებზე ჰქონდათ: კრისტიან ბენტეკემ 93-ე წუთზე 11-მეტრიანის ნიშნულიდან ასმირ ბეგოვიჩს ვერ აჯობა და “არწივები” ბოლო ადგილზე დარჩნენ.

პრემიერლიგის დებიუტანტების მატჩში “ჰადერსფილდმა” შინ მუნიეს დუბლით “ბრაიტონს” სძლია, “სუონსიმ” ბონის გოლით “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა, ხოლო “ლესტერმა” მხიარულ მატჩში “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლი” დატოვა უქულოდ და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ვესტ ჰემი – ჩელსი 1:0 (1:0)

გოლი: არნაუტოვიჩი (6)

ბარნლი – უოტფორდი 1:0 (1:0)

გოლი: არფილდი (45)
გაძევება: ზეგელაარი (39 უ.)

კრისტალ პალასი – ბორნმუთი 2:2 (2:2)

გოლები: 0:1, 2:2 დეფო (10; 45+3), 1:1 მილივოიევიჩი (41 პენ.), 2:1 დანი (44)

ბენტეკემ 93-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ჰადერსფილდი – ბრაიტონი 2:0 (2:0)

გოლები: მუნიე (12; 43)

სუონსი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (0:0)

გოლი: ბონი (81)

ტოტენჰემი – სტოკი 5:1 (1:0)

გოლები: 1:0 შოუკროსი (21 ს.კ.), 2:0 სონი (53), 3:0, 4:0 კეინი (54; 65), 5:0 ერიკსენი (74), 5:1 შოუკროსი (80)

ნიუკასლი – ლესტერი 2:3 (1:1)

გოლები: 1:0 ხოსელუ (4), 1:1 მაჰრეზი (20), 1:2 დ.გრეი (60), 2:2 გაილი (73), 2:3 ა.პერესი (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113633