ფეხბურთი

3:18 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქულით კმაყოფილები

იტალიის სერია A-ს XVI ტურის ცენტრალური შეხვედრა, დიდი იტალიური დერბი არ გამოდგა ისეთი სანახაობრივი, როგორსაც ფეხბურთის გურმანები ისურვებდნენ. მართალია, “ალიანც სთედიუმზე” მთელი თამაში დაძაბული და ფიცხელი ბრძოლა იყო, მაგრამ სანახაობა თითქმის არ ყოფილა.

შეიძლება ასეც ვთქვათ: დაცვამ სძლია შეტევას - კალჩოს გამორჩეული მეგოლეები მაურო იკარდი და გონსალო იგუაინი მთელი თამაში უსაქმოდ იყვნენ. სამაგიეროდ, თავთავიანთ გუნდებში მცველები, მირანდა და ჯორჯო კიელინი გამოირჩეოდნენ.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა შედეგით. თითქოს, მასიმილიანო ალეგრიმ და ლუჩანო სპალეტიმ თავიდანვე ქულაზე გააკეთეს აქცენტი. ეს სტუმართა მხრიდან მოსალოდნელიც იყო, რადგან “იუვენტუსთან” ტურინში მოსაგებად თამაში ადვილი სულაც არაა. აი, “იუვეს” კი მეტი მოეთხოვებოდა. ალეგრი რომ ფრთხილობდა, სასტარტო შემადგენლობიდანაც გამოჩნდა – პაულო დიბალა, დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი, სამივე ფანტაზისტა თადარიგში დარჩა და შედეგად უფრო მძიმე “ბებერი ქალბატონი” ვიხილეთ, რომელიც ერთფეროვნად უტევდა. თუმცა, ამ ერთფეროვნებაშიც შეეძლოთ მასპინძლებს გატანა. კერძოდ, მარიო მანჯუკიჩი სცოდავდა ბევრჯერ. ჯერ ჰანდანოვიჩს ახლოდან ვერ აჯობა, მერე მირანდამ ცარიელი კარიდან გამოუტანა ბურთი, ტაიმის ბოლო წუთზე კი ხარიხას გაარტყა. საპასუხოდ პირველ ნახევარში “ინტერს” შეტევაში არაფერი შეუქმნია. მეტიც, სპალეტის ბიჭებს კარისკენ საერთოდ არ დაურტყამთ. ბოლოს “ნერაძურის” ასეთი რამ 2014 წლის მაისში (“მილანთან”) დაემართა.

თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა – “იუვე” უპირატესობას ფლობდა, “ინტერი” კი თავს ჩინებულად იცავდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში რეალური სახიფათო მომენტი არც შექმნილა. ყველაზე ახლოს გოლთან სამი ხედირა (ჰანდანოვიჩის მოგერიებულს ამატებდა და კარს ააცილა) და კვადვო ასამოა იყვნენ (განელს მეკარემ არ დაანება გატანა). და, 0:0. ეს სრულიად ლოგიკური შედეგი იყო. “ინტერი” ისევ სათავეში და თანაც წაუგებლად დარჩა. თავის მხრივ, “იუვენტუსმა” ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა. და მაინც, ტურინელებმა სარეკორდო სერია დაასრულეს. ზედიზედ 44-მატჩიანი სერია, როდესაც “ვეკია სინიორას” იტალიის ჩემპიონატში გოლი გაჰქონდა, დასრულდა. გარდა ამისა, “ინტერი” გახდა პირველი იტალიური გუნდი 2015 წლის აგვისტოს შემდეგ, რომელმაც “ალიანც სთედიუმზე” კარი მშრალად შეინახა. აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსმა” სერია A-ში 0:0 2016 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა (მაშინ “ბოლონიასთან”). ხსენებული სერია 65 შეხვედრა გაგრძელდა.

“ინტერი” ისევ ლიდერია, მაგრამ “ნაპოლის” მე-16 ტურში სათამაშო აქვს და მაურიციო სარის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში გალიდერდება. როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ წლევანდელი კალჩო განვლილ სეზონებს სულაც არ ჰგავს და სკუდეტოს მაძიებელთა რიცხვი და ხარისხი მკვეთრად მომატებულია.

სანამ, დერბი დ’იტალია გაიმართებოდა, იქამდე “კალიარიმ” და “სამპდორიამ” ქულები გაიყვეს. მთლიანობაში გენუელები სჯაბნიდნენ მეტოქეს და პირველივე ტაიმში ფაბიო კვალიარელას დუბლით დამაჯერებლად დაწინაურდნენ. გარდა ამისა, სარდინიელები რამდენჯერმე ალესიო კრანიომ იხსნა გარდაუვალი გოლისგან. მეორე ტაიმში კი სურათი შეიცვალა. ყველაფერი გენუელთა კარის დარაჯის, ემილიანო ვივიანოს უხეში შეცდომით დაიწყო, რომელიც ბურთის მოგერიებას სცდილობდა და დიეგო ფარიასს გაარტყა. ასე კურიოზულად შემცირდა სხვაობა. მალევე ლეონარდო პავოლეტიმ ეორე გაიტანა და კუნძულზე მშვიდობიანი ფრე დაფიქსირდა – 2:2.

“კალიარი” – “სამპდორია” 2:2 (0:2)

კალიარი, “სარდენია არენა”

მაყურებელი: 20 000

“კალიარი” (3-5-2): კრანიო; რომანია, ჩეპიტელი (პისაჩენე 4), ანდრეოლი; ფარაგო (ვან დერ ვილი 33), იონიტა, ჩიგარინი, დესენა (ფარიასი 40), პადოინი; ჟოაო პედრო, პავოლეტი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ბერეშინსკი, სილვესტრე, ფერარი, მურუ; ბარეტო; ტორეირა, პრატი; რამირესი (კაპრარი 70); ძაპატა, (კოვნაცკი 89), კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 0:1 კვალიარელა (12), 0:2 კვალიარელა (19), 1:2 ფარიასი (56), 2:2 პავოლეტი (60)

გაფრთხილება: იონიტა (28), ფარიასი (67), ჩიგარინი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 15 (10) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 8:3

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“იუვენტუსი” – “ინტერი” 0:0 (0:0)

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 41 000

“იუვენტუსი” (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბენატია, კიელინი, ასამოა; ხედირა (დიბალა 75), პიანიჩი (ბენტანკური 85), მატუიდი; კუადრადო, იგუაინი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი (დალბერტი 63); ვესინო, ბორხა ვალერო; კანდრევა (გალიარდინი 69), ბროჟოვიჩი, პერიშიჩი; იკარდი (ედერი 85)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გაფრთხილება: ბენატია (27), იგუიანი (38) – ბროჟოვიჩი (29), პერიშიჩი (40), სანტონი (61), დ’ამბროზიო (88), ვესინო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (10) – 3 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

0.125817