ფეხბურთი

23:48 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" ჯოჯოხეთში

გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის “ბაიერნმა” ლიდერობა განიმტკიცა. “რეკორდმაისტერს” არ ჰქონია სეზონის საუკეთესო თამაში ფრანკფურტში “აინტრახტთან”, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო და კლასის ხაჯრზე იუპ ჰაინკესის გუნდმა მეტოქეს აჯობა. თანაც, ზუსტად იმდენი ენერგია დახარჯა, რამდენიც “აინტრახტის” დასამარცხებლად იყო საჭირო. ერთადერთი გოლი არტურო ვიდალმა გაიტანა პირველ ტაიმში. ჩილელი ნახევარმცველი ცალკე საუბრის თემაა.

ვიდალი საოცარ ფორმაშია და ზედიზედ 4 ბუნდესლიგურ შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ეს მის კარიერაში პირველად მოხდა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში მიჯრით ოთხ ტურში თავი არავის გამოუჩენია. მოკლედ, ვიდალი “ბაიერნის” ჯოკერად იქცა. “რეკორმაისტერი” უკვე მე-15 ტურისთვის ისე კომფორტულად გრძნობს თავს, რომ თქვენგან მოწონებული. რვა ქულიანი უპირატესობა “ლაიფციგთან” მართლაც სოლიდური სხვაობაა.

ვიცე-ჩემპიონმა კი დღესაც ვერ მოიგო – რალფ ჰასენჰუტლის გუნდი შინ “მაინც” ვერ გაუმკლავდა სათანადოდ და მხოლოდ ქულას დასჯერდა (2:2).

მაგრამ, ეს არაფერია იმასთან, რაც “დორტმუნდის” თავს ხდება. “ყვითლები” ამაზრზენად თამაშობენ! უკვე 7 ტურია პეტერ ბოშის გუნდს ბუნდესლიგაში არ მოუგია. ბოლოს ასეთი რამ 30 სექტემბერს, “აუგსბურგთან” მატჩში მოხდა (2:1). იქედან მოყოლებული “ბორუსიამ” ყველა ტურნირის ჩათვლით 13 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 მოიგო. ნიშანდობლივია, რომ ორივე გერმანიის თასზე სუსტ მეტოქეებთან “მაგდებურგთან” და “ბოხუმთან”... რა თქმა უნდა, საშინელი თამაში სატურნირო ცხრილზეც ისახება და “დორტმუნდი” უკვე მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. საინტერესოა, რომ “სიგნალ იდუნა პარკის” ბინადრებმა ამჯერად საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერთან” წააგეს, რომელიც გასავარდნ ზონაშია...

შაბათს კიდევ ორი მატჩი გაიმართა – “გლადბახმა” და “შალკემ” გოლები გაცვალეს, ხოლო “ჰამბურგმა” და “ვოლფსბურგმა” საერთოდ ვერ გაიტანეს.

“დორტმუნდი” – “ვერდერი” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ეგეშტეინი (26), 1:1 ობამეიანგი (57), 1:2 გებრე სელასიე (65)

“აინტრახტი” – “ბაიერნი” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვიდალი (20)

“ჰამბურგი” – “ვოლფსბურგი” 0:0 (0:0)

“ლაიფციგი” – “მაინცი” 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 კამპლი (29), 1:1 ქუაისონი (39), 2:1 ვერნერი (45, პენ), 2:2 ბერგრენი (87)

“გლადბახი” – “შალკე” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კრამერი (24), 1:1 ვესტერგაარდი (62, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
0.299612