ბლოგი

22:20 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუსული დარდი, ქართულად ნათქვამი

მოძმენო ჩვენნო, გულგონთხართა? ეს რა უცაბედად ჩამოჰკრა უბედურების ჟამმა ურუსთა ქვეყნის თავზედ! ეს რა ფინთი დილა გაუთენდათ და რაოდენი სახსარი და ხელის ჭუჭყი დაიკარგა უქმად, გაზ-მაზუთისგან მოძღვნილი! აწი ვეღარ აფრიალდება ნაცნობი სამფეროვანი დროშა ზამთრის ოლიმპიურ ალამზე და ვეღარ მოვისმენთ რუსთაგან ვერდავიწყებულ და ავტორპირქვედასამარხ ჰიმნს დიადი და ძლევამოსილი რუსეთისა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, მაგრამ რატომღაც არ გამოსდის.

ნეტავ რას იტყვიან მოკეთენი და კარგისმურველნი რუსეთისა, რომელნიც ისმენენ ამბავს ტკივილიანსა და იუწყებენ, რომ არღარა იხსენიება სახელი ურუსთა ოლიმპიადაზედ და დისკვალიფიკაციით დაამშვენეს ხელმძღვანელი მათი. რა ვუთხრათ ნაურუსა და ვიეტნამს? რა ვუთხრათ ვენესუელის აწგანსვენებულ პრეზიდენტს, უგო ჩევესს იმქვეყნად? იყო და აღარ არისო? ვხედავდით და გაგვიქრაო? წავიდა, როგორც მაისის თოვლი და ავყია მეზობლის სიტყვაო? ვაჰმე, დაბეჩავებულო “დერჟავავ“ და გულგანგმირულო იმედებო. ვაჰმე წყალში ჩაყრილო მილიარდებო!!!

საქართველოში ამბობენ, ეგრე მოუხდებათ რუსებსაო. ეგენი არ იყვნენ, სადაც კი სპორტში არარუსი ნიჭიერი ვინმე გაჭაჭანდებოდა, ყველას რომ გვერდზე აჩოჩებდნენ და წინ უნიჭო რუსებს გატენიდნენო... ეგენი არ იყვნენ, ფულითა და ჩაწყობით ფონსგასვლა რომ დაამკვიდრეს მთელს ევროპაშიო, ეგენი არ იყვნენ, დოპინგის ჩაყლურწვა და შეშხაპუნება ჩვეულებრივ ამბად რომ აქვთო... კიდევ ვინ იცის, რას არ ამბობენ რუსეთის სპორტის ბოსებზე, სპორტსმენებზე და ქომაგებზეც კი. განა ასე თქმა შეიძლება?! ვის არ უყიდია მედლები და ვის არ მოუსყიდია მსაჯები? ვის არ დაუმალავს დათო ყიფიანი ზედ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ?!

ავყია ენები იმასაც ამბობენ, ნეტა მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის “წყალი“ ფიფასაც გადაესხასო, სიკეთეს ბარემ “მარილიც“ მოაყარონ და სადაც რუსეთის ოლიმპიური ნაკრები დაბლოკეს, იქ რუსეთს საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაც ჩამოართვანო. ამის თქმა აბა როგორ შეიძლება? ბოროტი და გულქვა რომ ქნება ადამიანი, თორემ რუსეთისთვის მუნდიალის მასპინძლობის ჩამორთმევაზე ოცნება შეიძლება? ქვეყნისთვის, სადაც კრიმინალის, ნარკომანიის, პედოფილიის, ინცესტის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის, კორუფციის და ათასი ოხრობის დონე ევროპის ყველა ქვეყანაზე მაღალია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს საოცარი დონე კვლავ შენარჩუნდება უკუნისამდე!

რა ჯობია ჩემპიონატს, სადაც მატჩები ეკატერინბურგის ნახევრად აუშენებელი სტადიონის ტრიბუნებზე გაიმართება და სადაც ფულის ჩადებაზე მსოფლიოში ცნობილმა არაერთმა ფირმამ თქვა უარი. როგორც ჩანს ამ ფირმების მესვეურებიც ქართველებივით ბოღმიანები და შურიანები არიან, თორემ ვის გაუგია რუსთაგან საფეხბურთო მაქინაციებში მონაწილეობა ან მსაჯების მისყიდვა?! კორუფციასაც დასავლეთის მიერ მოსყიდული აგენტები იგონებენ, თორემ რუსეთი და კორუფცია?! ღმერთმა დაიფაროთ!

ყველა “ჭეშმარიტმა პატრიოტმა“ იცის, რომ რუსეთი სულ რომ გაქრეს, დაიშალოს და მხოლოდ მოსკოვის “კრაიდ“ დარჩეს, მაინც დიადი იქნება და მას ვერავინ დააჩოქებს! ეგღა აკლიათ! ერთი ისაა, რომ გაზის და ნავთობის ფასის გაიაფება აშინებთ ცოტა. მაგ დროს რაღაც უცნაური ამბები ემართებათ ხოლმე. ჰოდა, ნავთობი ნუ გაიაფდება და ოლიმპიადა წყალსაც წაუღია!

0.121198