ავტოსპორტი

3:27 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში გასწრებების რიცხვი განახევრდა

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის გასულ სეზონში, გასწრებების რიცხვი თითქმის განახევრდა. ამ მხრივ, ეს DRS-ის ეპოქაში ყველაზე მოსაწყენი სეზონი იყო. ამის მიზეზი არის ის, რომ ავტომობილების სიჩქარის ზრდამ, გასწრების მანევრის შესრულება კიდევ უფრო გაართულა.

ეს სტატისტიკა „პირელიმ“ გამოაქვეყნა. მისი დაანგარიშებით, სეზონის 20 რბოლაში სულ 435 წარმატებული გასწრება შესრულდა. ეს კი წინა სეზონის (რომელიც 21 ეტაპისგან შედგებოდა) 866 გასწრებაზე 49 პროცენტით ნაკლებია.

საერთოდაც, გასწრებათა რიცხვით, 2016 წლის სეზონი ყველაზე გამორჩეულია 1980-იანების შემდეგ, რაც ფ1-ში გასწრებათა რიცხვს აღრიცხავენ. წლევანდელი სეზონის 435 გასწრება ყველაზე ნაკლებია 2009 წლის შემდეგ, როცა მთელ სეზონში მხოლოდ 211 გასწრების მანევრი შესრულდა. ოღონდ, მაშინ მანქანები DRS სისტემებით არ იყო აღჭურვილი.

გასულ სეზონში ყველაზე მეტი გასწრება აზერბაიჯანის დიდი პრიზის რბოლისას მოხდა. ბაქოში სულ 42 გასწრება შესრულდა. ყველაზე ნკლები გასწრება კი სოში დაფიქსირდა - მხოლოდ 1.

პილოტებს შორის, ყველაზე გამორჩეული იყო დანიელ რიკარდო, რომელმაც სეზონის განმავლობაში 43 გასწრება შეასრულა. ავსტრალიელს ყველაზე გამორჩეული რბოლა ბრიტანეთში ჰქონდა, სადაც ძრავის და გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, სტარტი პელოტონის კუდიდან აიღო. 22 გასწრებაა რიკარდოს თანაგუნდელ მაქს ფერსტაპენის ანგარიშზე. ამ ორი პილოტის ხარჯზე, „რედ ბულის“ მანქანებმა სეზონში ყველაზე მეტოქეს გაასწრეს.

0.096023