ფეხბურთი

11:58 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “მე და მოურინიო ტყუპები ვართ”

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში გამორჩეული მატჩია – მანჩესტერული დერბი: “იუნაიტედი” “სიტის” წინააღმდეგ. აღნიშნული თამაშის წინ ინგლისურ მედიასთან პეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობა დიდია, მაგრამ პრემიერლიგის ჩემპიონობის საკითხში გადამწყვეტი არ იქნება.

“ტიტულისთვის ბრძოლას ეს თამაში არ გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, გადამწყვეტი არ იქნება. ჩემი ერთადერთი ინტერესია, რომ ვითამაშოთ ჩვეულ სტილში. ეს არაა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, სადაც პირველი თამაშის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს – პრემიერლიგა მარათონული ტურნირია.

მიყვარს, როდესაც ჩემი ფეხბურთელები ბურთს სწრაფად ათამაშებენ. “იუნაიტედის” პლიუსია, რომ შეუძლია მოიგოს მაშინაც, როცა კარგად არ თამაშოს. როგორც ეს “არსენალთან” შეხვედრაში მოხდა.

მოურინიო? – მასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. მე და ის ტყუპები ვართ მოგებული ტიტულების მიხედვით. ორივეს გვინდა, რომ ტიტულები მოვიგოთ. იგივე ეხებათ კონტეს, კლოპსა და პოჩეტინოს. კოლეგებს არასდროს ვაკრიტიკებ”, - განაცხადა გვარდიოლამ.

“მანჩესტერისა” და “სიტის” შეხვედრა 10 დეკემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. მე-15 ტურის შემდეგ “ქალაქელები” “წითელ ეშმაკებს” 8 ქულით უსწრებენ.

0.118479