ინგლისის “ლივერპულის“ ეგვიპტელ მობურთალს, მოჰამედ სალაჰს, სადაც კი უთამაშია, ყველგან თავისი კვალი დატოვა და ნიჭიც გვარიანად გამოავლინა, თუმცა პოპულარობის მოხვეჭის პარალელურად, ყველგან ტოვებდა ერთ კითხვას - რატომ არ აჩენდა ცოლს (რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს) და რატომ ასაიდუმლოებს პირად ცხოვრებას.
ჯერ კიდევ იტალიურ “რომაში“ თამაშისას, მოჰამედმა თქვა, რომ ვერ იტანს იმ ხალხს, რომლებსაც პირადი ცხოვრება გზა-შარაზე აქვთ გამოდებული და მას, როგორც მორწმუნე მუსლიმს, ურჩევნია ინტიმური ამბები, სათავისოდ დაიტოვოს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, ბულვარულ მედიას დააკმაყოფილებს ეს პასუხი?!...
ამასწინათ, ბრიტანელმა “ყვითელმა მოკალმეებმა“ დაწერეს, მოჰამედს ცოლთან აღარა აქვს ურთიერთობა, უკვე სამ თვეზე მეტია, საიდუმლო სატრფო ჰყავს და მის სახლში ნამეტნავად გულმისავალი ასული დაიარებაო, რაზეც სალაჰი გადაირია და მდინარე ნილოსის სიწმინდე დაიფიცა - მსგავსი რამ თუ ხდებოდესო. არადა, რა დიდი ამბავია, წარმატებულ ფეხბურთელს ქალებისკენ რომ მიუწევდეს გული....