უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ნიონში გამართულ სხდომაზე 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები და ჯგუფები დააწყვილა. გახსნითი მატჩი რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელში გასამართი ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და 1/16-ფინალის ერთი შეხვედრა ლონდონში გაიმართება. ბელგიელებმა სტადიონთან დაკავშირებით უეფას მიერ მოთხოვნილი გეგმა ვერ შეასრულეს და შესაბამისად კომიტეტმა გადაწყვიტა აღნიშნული შეხვედრები ინგლისის დედაქალაქში გაიმართოს.
ლონდონი აღნიშნული ოთხი მატჩის გარდა, ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს. ასევე დამტკიცდა, რომ მასპინძელი ქვეყნის გუნდი ევრო 2020-ზე მოხვედრის შემთხვევაში ჯგუფის ორ მატჩს საშინაო არენაზე გამართავს.
აქვე გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელი ორი ქალაქი, რომელ ჯგუფს უმასპინძლებს:
ჯგუფი A: რომი და ბაქო
ჯგუფი B: სანკქ-პეტერბურგი და კოპენჰაგენი
ჯგუფი C: ამსტერდამი და ბუქარესტი
ჯგუფი D: ლონდონი და გლაზგო
ჯგუფი E: ბილბაო და დუბლინი
ჯგუფი F: მიუნხენი და ბუდაპეშტი
მერვედფინალური ეტაპის მატჩები კოპენჰაგენში, ბუქარესტში, დუბლინში, ამსტერდამში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, ბილბაოსა და ლონდონში გაიმართება. მეოთხედფინალურ სერიას მიუნხენი, ბაქო, რომი და სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებენ, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნეთ ნახევარფინალები და ფინალი ლონდონში, "უემბლიზე" გაიმართება.