სხვა

10:27 | 6.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძის მორიგი შედევრი: 3 ოქრო და 2 რეკორდი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ძალოსანთა ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ლაშა ტალახაძე (+105 კგ) მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონია (VIDEO). 24 წლის ქართველმა ძალოსანმა ანაჰაიმის ფიცარნაგზე ექვსივე ცდა გამოიყენა და უახლოეს მდევარს 23 კილოგრამით გაუსწრო. ამასთან, მსოფლიოს ორი ახალი რეკორდიც დაამყარა (VIDEO).

პირველი მოძრაობა – ატაცი ქართველმა მძიმეწონოსანმა 210 კილოგრამით დაიწყო. სიმძიმე იოლად დაიმორჩილა. ასევე უპრობლემოდ აიტაცა 215-კილოგრამიანი შტანგა და სამწვრთნელო შტაბმა გიორგი ასანიძის მეთაურობით 220 შეუკვეთა. ეს კი მსოფლიოს რეკორდი იყო.

აქამდე ატაცში სარეკორდო მაჩვენებელი 217 კილოგრამი იყო, რომელიც სწორედ ლაშა ტალახაძემ დააფიქსირა წლეულს, სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. რამდენიმე კვირის წინ მან დუშეთში, საქართველოს პირველობაზე აიტაცა 220, თუმცა შედეგი მსოფლიოს რეკორდად არ ჩაეთვალა, რადგან საერთაშორისო არენაზე არ დაუმყარებია. ოფიციალური 220 ამერიკულ ფიცარნაგზე დაფიქსირდა.

პირველ მოძრაობაში ტალახაძემ ნაცნობ მეტოქეს, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონს – ირანელ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის 9 კილოგრამით აჯობა. სწორედ სალიმიკორდასიაბი დაეუფლა მცირე ვერცხლს.

აკვრაში ქართველმა გოლიათმა პირველივე ცდით – 243 კილოგრამით ფაქტობრივად გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. მეორე და მესამე მისვლაზე კი შტანგას 7-7 კილოგრამი წაამატა და ორივეჯერ ადვილად აჰკრა. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 477 კილოგრამი დააგროვა და თავისივე დამყარებული მსოფლიოს რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის ამერიკული მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიული აღმოჩნდა. მსოფლიო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად ავიდა ქართული გუნდის ერთბაშად ორი წევრი. ლაშა ტალახაძემდე ჩემპიონობით გულშემატკივრები ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) გაახარა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი გიორგი ასანიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით.

დაბოლოს, ერთი საინტერესო დეტალიც, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ფიცარნაგზე მხოლოდ 4 ძალოსნით გავიდა!

ძალოსნობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ანაჰაიმი

6 დეკემბერი

კაცები

+105 კგ

1 ლაშა ტალახაძე (საქართველო) 477 კგ (220+257)

2 საეიდ ალიჰოსეინი (ირანი) 454 კგ (203+251)

3 ბეჰდად სალამი კორდასიაბი (ირანი) 453 კგ (211+242)

0.118764