ფეხბურთი

18:15 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოემბერში საუკეთესო - როინ კვასხვაძე

ნოემბრის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი როინ კვასხვაძე გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, "ტორპედოს" მეკარემ ხმების უმეტესობა მიიღო და ჩვენს გამოკითხვაში პირველად გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 761 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კვასხვაძეს გამოკითხულთა ხმების თითქმის ნახევარი ერგო – 45.6%. ამრიგად, კონკურენტებს აჯობა.

ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა სოლომონ კვირკველია, რომელმაც ზედიზედ, სექტემბერსა და ოქტომბერში, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. "ლოკომოტივის" მცველმა ხმების 37.5% მიიღო. სამეულში მოხვდა ქუთაისის "ტორპედოს" კიდევ ერთი წევრი - თორნიკე კაპანაძე. იმერელთა ფორვარდმა 6.2% დააგროვა.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ნიკა კაჭარავა - 5.1%

საბა ლობჟანიძე - 3.8%

გიორგი ქვილითაია - 1.8%

აქვე, როინ კვასხვაძის შესახებ ნოემბერში:

28 წლის მეკარემ გასულ თვეში "ტორპედოს" ღირსება ხუთ მატჩში დაიცვა და აქედან ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა (ერთადერთი გოლი გაუშვა). ყველაფრის კულმინაცია კი, ეროვნული ლიგის გადამწყვეტ მატჩში, "დინამოსთან" ბოლო წუთზე მოგერიებული თერთმეტმეტრიანი გამოდგა, რამაც იმერლებს ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა. გარდა ამისა, როინმა ნოემბერში ერთხელ საქართველოს ნაკრების რიგებშიც ითამაშა - ბელარუსის წინააღმდეგ.

აღნიშნული გამოკითხვა ყოველი თვის დასაწყისში განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივარი იანვრის დასაწყისში გამოავლენს.

0.117443