სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:20 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი "გოლეადორი" მეკარეები... (+VIDEO)

“ბენევენტოს” კარის დარაჯი ალბერტო ბრინიოლი, რომელმაც “მილანის” კარი დალაშქრა, არაა პირველი იტალიელი მეკარე, ვინც გოლი გაიტანა. ახლა, სწორედ მათ შესახებ ვისაუბრეთ.

თავდაპირველად უნდა ვახსენოთ ლუჩიდიო სენტიმენტი, რომელიც სენტიმენტი IV-ს სახელითაა ცნობილი, რადგან მას კიდევ ოთხი ძმა ჰყავდა და ყველა ფეხბურთს თამაშობდა. სენტიმენტი 40-იან წლებში თამაშობდა და გოლის გატანა პენალტით მოახერხა. საერთოდაც, ის ერთ-ერთი პირველი მეკარე გახლდათ, რომელმაც გოლი გაიტანა. შემდეგი იყო ანტონიო რიგამონტი. “კომოს” მეკარემ 1970 წელს შეძლო თავის გამოჩენა. აღსანიშნავია, რომ მან კარიერაში ექვსი გოლი გაიტანა და აქედან სამჯერ სერია ა-ში გამოიჩინა თავი. რიგამონტიმ ამის გაკეთება სენტიმენტის დარად, თერთმეტმეტრიანით შეძლო.

აი, რაც შეეხებათ იმ მეკარეებს, რომლებმაც თამაშიდან შეძლეს მეტოქის დამწუხრება, ქვემოთ გიამბობთ:

მიკელანჯელო რამპუილა

დაიბადა 1962 წლის 10 აგვისტოს. კარიერა: “პატეცე” (19 მატჩი), “ჩეზენა” (96), “ვარეზე” (73), “კრემონეზე” (249) და “იუვენტუსი” (49). ამჟამად რამპუილა ჩინეთის ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობს, რომლის მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი გახლავთ.

რამპუილამ გოლი 1992 წლის 23 თებერვალს გაიტანა “კრემონეზესა” და “ატალანტას” მატჩში (1:1).

მასიმო ტაიბი

დაიბადა 1970 წლის 18 თებერვალს. კარიერა: “ლიჩატა” (1 მატჩი), “ტრენტო (23), “კომო” (34), “პიაჩენცა” (177), “მილანი” (17), “ვენეცია” (34),”მანჩესტერ იუნაიტედი” (4), “რეჯინა” (52), “ატალანტა” (131) და “ასკოლი” (47).

ტაიბის ამჟამად საკუთარი საფეხბურთო სკოლა აქვს გახსნილი მშობლიურ პალერმოში.

გოლი კი 2001 წლის 1 აპრილს გაიტანა. “რეჯინა” საკუთარ მოედანზე “უდინეზესთან” მარცხდებოდა, როდესაც მასიმომ ეფექტური გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

ფრანჩესკო ტოლდო

დაიბადა 1971 წლის 2 დეკემბერს. კარიერა: “ტრენტო” (38 მატჩი), “რავენა” (31), “ფიორენტინა” (266) და “ინტერი” (148). იტალიის ნაკრებში ჩაატარა 28 შეხვედრა. ამჟამად ტოლდო “ინტერშია” დასაქმებული.

ფრანჩესკო ტოლდომ ჯანლუიჯი ბუფონის კარში შეძლო გოლის გატანა. 2002 წლის 19 ოქტომბერს, “იუვე” “ჯუზეპე მეაცაზე” მოსისხლე მეტოქეს ალესანდრო დელ პიეროს გოლით ამარცხებდა. ბოლო წუთზე კი შეტევაში ჩართულმა ტოლდომ შეძლო გატანა. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გოლი დღემდე დიდი დავის საკითხია, რადგან ვინ გაიტანა, დაზუსტებით არავინ იცის. მეტიც, ოფიციალურად გოლი კრისტიან ვიერის ანგარიშზეა ჩაწერილი, ამიტომაც, ითვლება, რომ ბრინიოლიმდე ბოლო მეკარე, რომელმაც სერია A-ში თავი გამოიჩინა, მასიმო ტაიბი იყო.

ეპიზოდში ზუსტად გარკვევა კი, მართლაც რთულია...

მარკო ამელია

დაიბადა 1982 წლის 2 აპრილს. კარიერა: “ლივორნო” (167 მატჩი), “ლეჩე” (13), “პალერმო” (34), “ჯენოა” (30), “მილანი” (29), “პერუჯა” (1) და “ვიჩენცა” (4). ამელიას 9 მატჩი იტალიის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ტაიბის მსგავსად, ისიც საკუთარ საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობს.

მარკომ გოლი 2006 წლის 2 ნოემბერს, უეფას თასზე, ბელგრადის “პარტიზანთან” გაიტანა, რამაც "ლივორნო" ჯგუფიდან გაიყვანა (1:1).

ალბერტო ბრინიოლი

დაიბადა 1991 წლის 19 აგვისტოს. კარიერა: “მონტიკიარი” (62 მატჩი), “ლუმეცანე” (31), “ტერნანა” (102), “სამპდორია” (1), “ლეგანესი” (1) და “პერუჯა” (18). ამჟამად “ბენევენტოს” მეკარეა.

გოლი კი 2017 წლის 3 დეკემბერს, “მილანს” მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გაუტანა (2:2).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115184