ფეხბურთი

2:32 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"პიპიტას" შურისძიება (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XV ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” ტურინის “იუვენტუსი” მიიღო. ამ შეხვედრას დიდი ინტრიგა ახლდა – გარდა იმისა, რომ ამ ორ გუნდს შორის რბილად რომ ვთქვათ, თბილი ურთიერთობა არ სუფევს, ყველაფერს სატურნირო მდგომარეობაც ამძაფრებდა.

მაურიციო სარის გუნდმა 14 ტური ისე განვლო, რომ თამაში არ ჰქონდა წაგებული და “იუვესთან” გამარჯვების შემთხვევაში ნეაპოლიტანელები ერთობ კომფორტულ, 7-ქულიან უპირატესობას შეიქმნიდნენ. ეს, კარგად ჰქონდათ გათავისებული სტუმრებსაც და მოკლედ, “სან პაოლოზე” დიდი ამბები გაჩაღდა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ “ნაპოლის” დიდად არ მისდიოდა თამაში და ამაში უდაოდ ტურინელთა ღვაწლი იყო, ვინაიდან მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეტოქეს სივრცეები შეუზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ბურთს უმეტესად ფლობდნენ, ლორენცო ინსინიეს სამ საგოლე მომენტს თუ არ ჩავთვლით, მეტის გახერხება ვერ შეძლეს.

“იუვენტუსმა” კი გოლი მალევე გაიტანა და მერე მთელი ძალით უკან დაიხია. როგორც შემდგომ გაირკვა, ერთადერთი გოლი “ბებერი ქალბატონის” კონტრშეტევას მოჰყვა – პაულო დიბალა სწრაფად დაიძრა მეტოქის კარისკენ და გონსალო იგუაინი მოძებნა, რომელიც კარგად იხსნებოდა და პეპე რეინასთან პირისპირ დარჩენილმა შანსი გამოიყენა. ამას შეგვიძლია დავარქვათ პიპიტას შურისძიება, რომელმაც ყოფილ გუნდს კიდევ ერთხელ გაუტანა. სხვათა შორის, იგუაინის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან ხელის ტრავმა ჰქონდა და ალბათ ძირითად შემადგენლობაში ვერც მოხვდებოდა, რომ არა მარიო მანჯუკიჩის ტრავმა. არგენტინელმა გოლი ემოციურად აღნიშნა, რამაც ადგილობრივი პუბლიკა კიდევ უფრო გააღიზიანა.

თამაშის დარჩენილი ნაწილი ძირითადად სტუმართა ნახევარზე წარიმართა, მაგრამ “ნაპოლი” ვერ ახერხებდა რეალური საფრთხის შექმნას. ყველაზე მეტად ინსინიე აქტიურობდა, რომელსაც ორჯერ ბუფონმა აჯობა, ხოლო ერთხელ მცირედით ააცილა. თავის მხრივ, ერთი საგოლე შანსი “იუვესაც” ჰქონდა – ბლეზ მატუიდიმ სამი მეტრიდან პეპე რეინას დაუმიზნა და საფრთხე ასე განიმუხტა.

მოკლედ, “იუვენტუსმა” მძიმე ბრძოლაში მოიგო და სკუდეტოს ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა. ახლა, “ნაპოლისა” და ტურინელთა შორის სხვაობა ოდენ კინკილა ქულაა. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსმა” სან პაოლოზე” ბოლო 15 წელიწადში მეორედ მოიგო. გარდა ამისა, იმავე სტადიონზე “ბებერმა ქალბატონმა” კარი მშრალად 1997 წლის მარტის შემდეგ პირველად შეინახა. გონსალო იგუაინმა კი ნეაპოლელებს 5 მატჩში უკვე 5 გოლი გაუტანა. რეკორდი დაამყარა “იუვენტუსმა” – ტურინულმა გრანდმა სერია ა-ს ზედიზედ 44 შეხვედრაში გაიტანა და ეს იტალიის ჩემპიონატის რეკორდია. “იუვემ” 2013-2014 წლებში თავისივე დამყარებული რეკორდი მოხსნა. “ნაპოლიმ” სერია ა-ში ბოლო 45 მატჩიდან მესამე მარცხი განიცადა და აქედან ორჯერ “იუვენტუსთან” ვერ შეძლო ქულის მოპოვება.

მე-15 ტური კი რომში დაიწყო, სადაც “რომამ” აუსტაიდერი “სპალი” ადვილად დაამარცხა. თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, ხოლო მასპინძლებმა ორჯერ შეძლეს გატანა. სხვათა შორის, ფელიპემ 2007 წლის მერე იტალიის ჩემპიონატში მე-11 წითელი ბარათი მიიღო და ამაზე მეტჯერ არავინ გაუძევებიათ ამ პერიოდში. “რომა” კი ლიდერთა შორისაა – 34 ქულა აქვს და თან ერთი თამაში მარაგში. მოკლედ, “ჯალოროსიც” სკუდეტოსკენ მიიწევს.

“რომა” – “სპალი” 3:1 (2:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 35 609

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი (ემერსონი 75); პელეგრინი, გონალონსი (ჟერსონი 61), სტროტმანი; ჯენგიზ უნდერი (შიკი 64), ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“სპალი” (3-5-2): გომისი; კრემონეზი, ვიკარი, ფელიპე; ლაძარი, გრასი (შკიავონი 70), ვივიანი, რიცო, მატიელო; პალოსკი (ბორიელო 78), ბონაცოლი (მორა 20)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

გოლები: 1:0 ჯეკო (19), 2:0 სტროტმანი (32), 3:0 პელეგრინი (53), 3:1 ვივიანი (56)

გაფრთხილება: გონალონსი (22) – გრასი (65), შკიავონი (83)

გაძევება: ფელიპე (9)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 30 (18) – 3 (2) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: როსარიო აბისო

“ნაპოლი” – “იუვენტუსი” 0:1 (0:1) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 70 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო (მაჯო 76); ალანი (ჟიელინსკი 67), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (უნასი 76)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“იუვენტუსი” (4-3-2-1): ბუფონი; დე შილიო (ბარძალი 83), ბენატია, კიელინი, ასამოა; ხედირა (მარკიზიო 67), პაინიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა (კუადრადო 79), დიბალა; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 იგუაინი (13)

გაფრთხილება: მერტენსი (45), მარიო რუი (59) – კიელინი (23)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 6 (4) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 12, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 9, ედინ ჯეკო (“რომა”) – 8, ფაბიო კვალიარელა (“სამპდორია”) – 7.

თეგებისერია A
0.57137