ფეხბურთისა და ბულვარული მედიის ამბებში ერთად ჩახედულმა ხალხმა კარგად უწყიან, რომ მადრიდის “რეალის“ სუპერმეგოლე კრიშტიანუ რინალდუს, საყვარელმრავლობის მიუხედავად, ოფიციალური ცოლი აქამდე არასოდეს ყოლია და თავად ფეხბურთელიც არ მალავს, რომ უკვე ჩამოჰკრა “ჟამმან ცოლის მოყვანისამან“.
რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუმ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ თავის მეგობარ ქალთან, მოდელ ჯორჯინა როდრიგესთან ბედის დაკავშირებას მართლაც გეგმავს და დიდი შანსია, რომ ეს შეუღლება მომავალ წელს, რუსეთში გამართული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ მოხდეს.
მას შემდეგ, რაც ჯორჯინა როდრიგესმა რონალდუს მორიგი შვილი გაუჩინა, ქალიშვილის შეძენით გახარებულ ფეხბურთელს მაშინაც უთქვამს, - ჯორჯინასთანა ქალს აქამდე არ შევხვედრივარ და მასთან ყოფნას მთელი ცხოვრება ვაპირებო. ჰოდა, გამოჩნდება კრიშტიანუს სიტყვის კაცობა...