ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა”, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინა ტურში “საკრამენტოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, სტუმრად “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ოვერტაიმში 127:123 დაამარცხა.
“ოქროს შტატელთა” ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 14 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ ხუთიდან ხუთივე ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიას მის გუნდში საუკეთესო პლიუს-მინუს მაჩვენებელი ჰქონდა +11. ასეთივე შედეგი აჩვენა “ლეიკერსის” შემადგენლობაში ჯულიუს რენდლიმ.
ამ შეხვედრაში “გოლდენ სტეიტს” კევინ დურანტი და სტეფ კარი დაუბრუნდნენ, რომლებმაც გუნდს ჯამში 57 ქულა შესძინეს - 29 დურანტმა, 28 კარიმ.
“გოლდენ სტეიტი” 16 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. “მეომრები” მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს, ორლანდოში, “მეჯიქთან” ჩაატარებენ.