ავტოსპორტი

4:32 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ალფა რომეო“ ფორმულა 1-ში დაბრუნდა

ფორმულა 1-ის აუტსაიდერმა, შვეიცარიულმა გუნდმა „ზაუბერმა“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ალფა რომეოსთან“, რომელიც მას ძრავებით (ფერარის რებრენდირებული აგრეგატი) მოამარაგებს. კონტრაქტის შესაბამისად, გუნდი მომავალი სეზონიდან „ალფა რომეო ზაუბერის“ სახელით იასპარეზებს. რაც მთავარია, გუნდის სარბოლო ავტომობილი, „ფერარის“ 2018 წლის სპეციფიკაციის ძრავით აღიჭურვება.

„30 წელიწადზე მეტია, რაც ალფა რომეო ფ1-ში არაა და ზაუბერთან დადებული შეთანხმება, მას დაბრუნბის საშუალებას მისცემს. ეს კი კომპანიის გამოცოცხლების საუკეთესო საშუალება იქნება. ამ მარკამ დიდი როლი ითამაშა სპორტის ამ სახეობის დამკვიდრებაში და ამიერიდან მას სხვა ავტომწარმოებლებთან პაექრობის საშუალება კვლავ მიეცემა. ალფა რომეოს ფანებს საშუალება მიეცემათ, კვლავ უქომაგონ კომპანიას, რომელსაც შანსი აქვს, ახალი ფურცელი ჩაწეროს თავის ლეგენდარულ სპორტულ ისტორიაში“, - განაცხადა „ფიატ კრაისლერის“ შეფმა სერჯო მარკიონემ.

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული სწორედ „ალფა რომეოს“ ავტომობილითაა მოგებული - 1950 წელს ჩემპიონი იტალიელი ჯიზეპე ფარინა გახდა. ფ1-ის პირველი რბოლა, რომელიც სილვერსტოუნზე ჩატარდა, „ალფას“ გუნდმა პირველი სამი ადგილით დაასრულა. 1951 წელს „ალფას“ ავტომობილით ჩემპიონი არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო გახდა. მილანური კომპანია 1961-1979 წლებში მხოლოდ ძრავების მიმწოდებელი იყო, 1979 წელს კი გუნდით დაბრუნდა და 1985 წლამდე დარჩა.

„ზაუბერს“ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, მომავალი სეზონისთვის რომელ პილოტებს აირჩევს. სავარაუდოდ, ესენი იქნებიან „ფერარის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის წევრები, მონაკოელი შარლ ლეკლერი, რომელიც ახლახანს ფორმულა 2-ის ჩემპიონი გახდა და გასულ სეზონში „ფერარის“ სარეზერვო პილოტი, იტალიელი ანტონიო ჯოვინაცი.

0.090741