ფეხბურთი

18:50 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 2-ის პლეი ოფი: „თელავის“ და "ნორჩი დინამოს" წარმატებული მატჩები

ეროვნულ ლიგა 2-ის საგზურის მომტანი პლეი ოფის პირველი შეხვედრები ლიგა 3-ის წარმომადგენელ „თელავისა“ და „ნორჩი დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა.

თელაველებმა გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, ლიგა 2-ში მე-8 ადგილზე გასულ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძელს და 2:1 იმარჯვეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 56-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილის შორი მანძილიდან გატანილი ლამაზი გოლით დაწინაურდნენ. ლანჩხუთელებმა ხუთ წუთში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - გოლი „გურიას“ ლეგიონერმა მაგლიორ ტელამ მიითვალა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „თელავის“ მორიგ შეტევას სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ნიკა ნოზაძემ გამოიყენა და მის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

ლიგა 2-ის მეცხრეადგილოსანი ტყიბულის „მეშახტე“ „ნორჩ დინამოს“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუხვდა და 0:2 დამარცხდა. თბილისელები იაგო დეისაძის გოლით მე-40 წუთზე დაწინაურდნენ, 64-ე წუთზე კი გიორგი მელქაძემ სხვაობა გაზარდა და „ნორჩმა დინამომ“ დიდი ნაბიჯი გადადგა ლიგა 2-ისკენ.

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფი. I მატჩები

თელავი - გურია 2:1
გოლები: 1:0 ხარებაშვილი (56), 1:1 ტელა (61), 2:1 ნოზაძე (90. პენ.)

მეშახტე - ნორჩი დინამო 0:2

გოლები: 0:1 დეისაძე (40), 0:2 მელქაძე (64)

საპასუხო მატჩები 3 დეკემბერს, ლანჩხუთში და თბილისში ჩატარდება.

30 ნოემბერს გაიმართება ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრები. ბოლნისის „სიონი“ თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ფოთის „პარკი არენაზე“ კი „კოლხეთი“ მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდება.

0.121629