კალათბურთი

10:25 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები: მინუსები, პლიუსები და მუნდიალზე გასვლის იმედი

მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ციკლში უკვე ორი ტური მიილია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დებიუტი პლანეტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებელი გამოდგა: 2 მატჩი და 2 მარცხი.

თუმცა, ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე სხვა შედეგი იქნებოდა. საქართველოს ნაკრები ხომ ტურნირის დასაწყისს ძალიან სერიოზული პრობლემებით შეხვდა. ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე ნაკრებს დაემშვიდობნენ, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ევროლიგამ არ გაათავისუფლა, ხოლო დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე ტრავმების გამო გამოაკლდნენ ეროვნულ გუნდს.

აბა, ვინღა დარჩა? – ბოლო პერიოდის საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიქსონი. დანარჩენები კი ეროვნული ნაკრებისთვის ახალი სახეები იყვნენ. ჰოდა, ასეთ დროს სტუმრად გერმანიასთან და სერბეთთან დადებით შედეგზე თუნდაც ფიქრი, ძალზე ძნელი გახლდათ. მართალია, მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები ზემოხსენებულ ოპონენტებსაც აკლდათ, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება. გერმანიასა და სერბეთს გაცილებით დიდი არჩევანი აქვს, ვიდრე საქართველოს და ეს დღესავით ნათელია.

და მაინც, ორი მარცხის მიუხედავად, ამ ეტაპზე უტოპიურად სულაც არ მოსჩანს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ნაკრები 2019 წელს, ჩინეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილოთ.

რა გამოჩნდა?

საქართველოს ნაკრების მატჩები გერმანიასთან და სერბეთთან ტყუპისცალივით წააგავდა ერთამენთს. ილიას ზუროსის გუნდმა ქემნიცშიც და ბელგრადშიც ჩინებულად ჩაატარა პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე ნახევარში ვეღარ მოახერხა იგივე რიტმში თამაში. ამას კი უპირველესად რესურსის არქონასთან მივყავართ. ზემოთ, დანაკლისი ტყუილად არ გვიხსენებია - ამდენი მოთამაშის დაკლების შემდეგ ლოგიკურია, რომ ისედაც მოკლე სკამი (რომელიც ასევე აქილევსის ქუსლი იყო ევრობასკეტზე), კიდევ უფრო დამოკლდა. ზუროსის განკარგულებაში მყოფი 12 მოთამაშიდან სამი იყო ლეგიონერი (აქედან ერთი, 18 წლის!), ხოლო დანარჩენები სუპერლიგას წარმოადგენდნენ. მოკლედ, სულაც არ გახლდათ ადვილი იმაზე მეტის გაკეთება, რაც საქართველომ საწყის ორ შეხვედრაში გააკეთა და ამას ბევრი ფაქტორი აქვს. სკამის შემოკლებამ ბუნებრივია, გამოიწვია დაღლილობა. მაგალითად, გერმანიასთან მატჩში მაიკლ დიქსონმა 38(!) წუთი ითამაშა და ბოლო მეოთხედში ჩვენი გუნდის ლიდერს არაქათი უკვე გამოცლილი ჰქონდა. რა გასაკვირია, ისიც ადამიანია... დაახლოებით იგივე დრო (ოდნავ უფრო ცოტა) ითამაშა დიქსონმა ბელგრადშიც და თამაში მთლიანად მასზე იყო აწყობილი.

თამაშის აწყობა ვახსენეთ და, ილიას ზუროსმა ორივე შეხვედრაში აქცენტი პერიმეტრზე გააკეთა. საქართველოს ნაკრებისთვის აქამდე სამქულიანები არ ითვლებოდა მთავარ პლიუსად და უფრო მეტად სამწამიანის ხარჯზე თამაშობდა, მაგრამ ახალი ფორმაციის გუნდი უკვე შორეული ტყორცნებიდან ეძებდა ბედს. საქართველომ განვლილ ორ მატჩში 30 სამქულიანი (66-დან) ჩააგდო. ამ კომპონენტში ყველაზე მეტად მაიკლ დიქსონი, მიხეილ ბერიშვილი და მერაბ ბოქოლოშვილი გამოირჩეოდნენ. თუმცა, თანამედროვე კალათბურთში დაბალანსებული თამაშია საჭირო და ეს საქართველოს ნაკრებმა ვერ მოახერხა. სამწამინიდან ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი იშვიათად ცდილობდა შეტევას. აშკარად იგრძნობოდა, რომ ზაზა ფაჩულიას წასვლით და გიორგი შერმადინის გამოკლებით, საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა და ფაქტობრივად ნომინალური ცენტრის გარეშე მოუწია თამაში. აკაკი დვალიშვილი რიგ ეპიზოდებში ცუდად არ ირჯებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერაც ბევრი აქვს მოსამატებელი და გამოცდილებაც აკლდა. იგივე ითქმის გოგა ბითაძის შესახებ. საერთოდ, მისდამი დიდი მოლოდინი გახლდათ, თუმცა 18 წლის ახალგაზრდა მოთამაშე ცოტა შებოჭილი ჩანდა. სერბეთთან გოგა რამდენჯერმე დაცვაში მართლაც კარგად გაისარჯა, მაგრამ შეტევაში მოიკოჭლებდა და სროლების საკმაოდ დაბალი პროცენტი აჩვენა. ფაქტია, რომ ბითაძეს შეუძლია კალათბურთის თამაში, თუმცა, ჯერჯერობით მასზე სრულად დაყრდნობა შესაძლოა ადრეც იყოს. იმან, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი პრობლემა შეუქმნა – საკუთარი ფარი. გინდ ქემნიცში, გინდ – ბელგრადში, ზუროსის ბიჭებს საკუთარ ფარზე თამაში უჭირდათ და ამან ბევრი პრობლემა შექმნა. მეტოქეებს ხშირად მეორე შეტევის საშუალება ადვილად ეძლეოდათ და ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენს კალათში ქულებს აგროვებდა...

მოკლე სკამი, სამწამიანი და საკუთარი ფარი – ალბათ, ეს სამი კომპონენტი იყო მთავარი მინუსი, რომელიც განვლილმა ორმა მატჩმა გამოაჩინა. რაც შეეხება პლიუსს – სამქულიანები.

ახალ კადრებს რაც შეეხება: უპირველესად მერაბ ბოქოლიშვილი უნდა ვახსენოთ. “ოლიმპის” 25 წლის მოთამაშეს ორივე შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა დაკისრებული. მერაბმა გერმანიასთან 7, ხოლო სერბეთთან 14 ქულა (დიქსონის შემდეგ საუკეთესო შედეგი იყო) მიითვალა. იგი ქულებს ძირითადად სამქულიანებით აგროვებდა და ბელგრადში კალათს ერთადერთხელ ააცილა ბურთი! გამოვყოთ მიხეილ ბერიშვილიც. 30 წლის დინამოელზეც იგივე გვეთქმის – მიშამ ქემნიცში 15, ხოლო ბელგრადში 11 ქულა შესძინა გუნდს. მოკლედ, ძველ გვარდიას (მარკოიშვილი, დიქსონი) თუ არ ჩავთვლით, სწორედ ბოქოლიშვილი და ბერიშვილი იყვნენ გამორჩეულები და ასე თუ გააგრძელებენ, მათი ნდობა ზუროსს თამამად შეეძლება. აი, სხვებზე კი, რამე განსაკუთრებულის თქმა ორი თამაშით, რთულია...

რა იქნება თებერვალში?

საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორი და თანაც გადამწყვეტი მატჩები თებერვლის მიწურულს ელოდება. 23-ში სტუმრად ავსტრიასთან და ორი დღის მერე თბილისში, გერმანიასთან. ფაქტია, რომ ორივე მატჩში ჩვენმა გუნდმა გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს, რადგან სხვა შემთხვევაში ფაქტობრივად ყოველგვარი შანსი დაკარგული იქნება.

ახლა, ისაა საინტერესო, რა შემადგენლობით შეხვდება მომდევნო ორ მატჩს საქართველოს ნაკრები. დუდა სანაძემ ტრავმა ახლახან მიიღო და თანაც მეტად სერიოზული. მოკლედ, “ფლექს პისტოიას” მსროლელის გარჯა თითქმის გამორიცხულია. ბექა ბურჯანაძემ სექტემბერში გაიკეთა ოპერაცია და ძნელად სავარაუდოა, რომ “მორაბანკ ანდორას” მოთამაშე მზადყოფნაში იყოს. ერთადერთი, გიორგი ცინცაძემ უნდა შეძლოს ზუროსის გუნდთან შეერთება. და ბოლოს, ევროლიგელებზეც გეტყვით: სამწუხაროა, მაგრამ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ვერც ზამთარში იქნებიან ნაკრებთან ერთად, თუ ფიბამ და ევროლიგამ გამოსავალი ვერ გამონახეს. ევროლიგის რეგულარული სეზონი აპრილის თვემდე გრძელედება. 22 თებერვალს კი, ანუ ავსტრიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, ევროლიგაში “ბასკონიაც” ითამაშებს და “უნიკახაც”. მოკლედ, ამ სიტუაციით, ილიას ზუროსის გუნდს თებერვალში დაახლოებით იგივე კონტიგენტით მოუწევს ფონს გასვლა. საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობით შეკრება კი ალბათ შესარჩევი ეტაპის დასკვნით ნაწილში, ივნისის თვეში თუ მოხერხდება, როდესაც საქართველო სერბეთსა და ავსტრიას თბილისში დაუხვდება.

გზა ჩინეთამდე

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ორ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი ჯგუფურ ეტაპიდან სამ-სამი გუნდი გააგრძელებს ბრძოლას. ანუ, საქართველოს ნაკრებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადასასვლელად მესამე ადგილიც დააკმაყოფილებს. თუმცა, ეს არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა იქნება. რატომ? – საქმე ისაა, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე შეიქმნება 6-გუნდიანი ჯგუფი და მათ შორის იქნება პირველი ჯგუფური ეტაპის ორი მეტოქეც. მაგალითად, სერბეთი და გერმანია და ნიშანდობლივია, რომ მათთან ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გადაჰყვება (ისევე როგორც დანარჩენებს).

G ჯგუფი H ჯგუფზეა მიბმული – მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები საბერძნეთის, ისრაელის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებებიდან სამი იქნება. მათ კი ჩვენი ჯგუფიდან ჩვენთან ერთად გასული ორი გუნდიც დაემატება. თუმცა, როგორც ზემოთ გითხარით, მათთან ნაჩვენები შედეგები გადაგვყვება და თამაში მხოლოდ H ჯგუფიდან დაწინაურებულ გუნდებთან მოგვიწევს შინ-სტუმრად პრინციპით. ოღონდ, იქამდე, ჯერ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია დასაძლევი...

0.115911