კალათბურთი

2:51 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ზოგჯერ იმის გაკეთება არ შეგვიძლია, რაც გვინდა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სერბეთთან (87:105) მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მატჩი შეაფასა.

ბერძენმა სპეციალისტმა მეტოქეს გამარჯვება მიულოცა, ხოლო ხაზი ამჯერადაც იმ დანაკლისს გაუსვა, რომლითაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასაწყისს შეხვდა.

“პირველ რიგში ვულოცავ სერბეთის ნაკრებს გამარჯვებას, რომელიც ძალიან გუნდია და ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი. სერბეთმა მოიგო, რადგან ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ჩვენ ორივე თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ გვაჯობა. ჩვენ ვიყავით კონცენტრირებული, რომ სწრაფად გვეთამაშა. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ მატჩებში ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნდებიან. ტრავმირებულები არიან ცინცაძე და სანაძე, რომლებმაც სანაკრებო შეკრებამდე ბოლო მატჩებში მიიღეს ტრავმა.

ასევე ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს, რადგან მათ დიდი სამუშაო შეასრულეს. ცოტა ხანია რაც ერთად შევიკრიბეთ და ძალიან გამოცდილი მეტოქეების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. სერბეთს სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო დარბაზში.

შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერ ჯგუფში ვართ. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კალათბურთელი გვაკლია. გვყავს მაიკლ დიქსონი, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია, მაგრამ ვერ ვასვენებთ. გვაკლია მთავარი მექულეები ცინცაძე, სანაძე. რა თქმა უნდა, ასევე დაგვაკლდა თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.

ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს შემდეგ ტურში ავსტრიაში. ვეცდებით, რომ ფოკუსირება და მთელი კონცენტრაცია მოვახდინოთ ამ მატჩზე და ბოლომდე დავიხარჯებით. სერბეთს ჩვენთან შედარებით გამოცდილი კალათბურთელები და სტაფი ჰყავს. ასეთ მოკლე დროში რაც მოვახერხეთ ესაა – ზოგჯერ იმის გაკეთება არ შეგვიძლია, რაც გვინდა. დიდი მადლობა და საუკეთესოს გისურვებთ მომავალში”, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფში ორი ტურის შემდეგ, ორი მარცხით მესამე ადგილზე იმყოფება.

ილიას ზუროსის გუნდს მომდევნო მატჩები 23 და 25 თებერვალს, შესაბამისად ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებებთან ელოდება.

0.111843