კალათბურთი

2:06 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძალა აღმართს ხნავს

ძალა აღმართს ხნავსო და ახლა სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველოს ნაკრებს ევროპის ვიცე-ჩემპიონ სერბეთის ნაკრების დასამარცხებლად ენერგია, კლასი და გამოცდილება დააკლდა.

არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო და გრძელდებოდა კიდეც. საქართველოს ნაკრებს მრისხანე მეტოქისთვის ორ მეოთხედში ტოლი არ დაუდია და დიდ შესვენებაზე დაწინაურებულიც გავიდა (45:44). მაგრამ, მეორე ტაიმში ალექსანდრ ჯორჯევიჩის გუნდმა კლასში სხვაობა რომ იყო, დაამტკიცა და საბოლოოდ, სოლიდური სხვაობით მოიგო.

რა გვეთქმის საქართველოს ნაკრებზე, გამამხნევებელი სიტყვების გარდა? სასაყვედუროც არაფერია და ვერც იმას ვიტყვით, რომ ცდა და მონდომება დააკლეს ბიჭებმა, მაგრამ რას ვიზამთ, ზოგჯერ ძალა აღმართს მართლაც ხნავს. ილიას ზუროსის გუნდმა ვერ მოახერხა უდიდესი დაანაკლისის იმდენად შევსება, რომ ბელგრადში გამარჯვება მოეპოვებინა. საერთოდაც, ძალიან წააგავდა ეს მატჩი სამი დღის წინ, გერმანიაში ჩატარებულ შეხვედრას. მაშინაც, საქართველომ პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში რესურსი აღარ ეყო. ოღონდ მაშინ მესამე მეოთხედიც მაღალ დონეზე ჩაატარა ჩვენი ქვეყნის მთავარმა საკალათბურთო გუნდმა, ამჯერად – ვერ.

დიდებული იყო მაიკლ დიქსონი, რომელიც ახლოს იყო ორმაგ დუბლთან – 36 ქულა და 9 პასი. თუმცა, არახალია, რომ ერთ მერცხალს გაზაფხული არ მოჰყვას. თანაგუნდელთაგან მხარი ვერავინ აუბა. არადა, მერაბ ბოქოლიშვილიც კარგად ირჯებოდა, განსაკუთრებით შეტევაში. ქართველმა კალათბურთელმა ხომ ხუთიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო და ამას ერთი ორქულიანიც დაუმატა. არც მიხეილ ბერიშვილი ისროდა ცუდად, მასაც მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა. სამაგიეროდ, სხვები ბევრს სცოდავდნენ. ზუროსის გუნდმა როგორც გერმანიასთან, ახლაც სამქულიანებში მეტოქე დაჯაბნა და 14-ჯერ მოათავსა ბურთი პერიმეტრიდან კალათში, მაგრამ სამწამიანი ისევ აქილევსის ქუსლი იყო. სერბთა ლიდერის, მიროსლავ რადულიცას შეჩერება ძალიან ჭირდა და მანაც გაილაღა. გარდა ამისა, სერბეთის ნაკრებზე საქართველო ხშირად ჯარიმდებოდა და ამანაც ხელ-ფეხი გაუხსნა მასპინძლებს.

105:87 – სერბეთმა ლოგიკურად გაიმარჯვა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა, რომ ჩამორჩენა უფრო ნაკლები ყოფილიყო. სწორედ ესაა ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი. და მაინც, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად განახევრებული შემადგენლობისა, საქართველოს ნაკრებმა განვლილ ორ მატჩში თავისი მაქსიმუმი გაიღო. ორი ტური გავიდა და საქართველო ჯერაც მოუგებელია, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ ოთხი ტურია და აქედან სამი თბილისში უნდა გაიმართოს. რაც მთავარია ორი თამაში აუტსაიდერ ავსტრიასთან არის, რომელიც უცილობლივ მოსაგები იქნება.

იმ ავსტრიასთან, რომელმაც დღეს საკუთარ მოედანზე გერმანიასთან ძალზე დიდი სხვაობით წააგო – 49:90.

რაც შეეხება მომდევნო ტურს – მესამე ტურის მატჩები უკვე 2017 წელს გაიმართება. საქართველო 23 თებერვალს, ავსტრიის ნაკრებს ესტუმრება. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა.

სერბეთი – საქართველო 105:87 (21:21, 23:24, 30:19, 31:23)

სერბეთი: რადანოვი – 01:58 წთ, 0 ქ. ტეპიჩი – 07:07 წთ, 2 ქ, 2 მ. სიმონოვიჩი – 28:28 წთ, 12 ქ, 3 მ, 1 ჩ, 1 დ. მაჩვანი – 28:06 წთ, 18 ქ, 4 მ, 6 პ. პაუნიჩი – 31:17 წთ, 8 ქ, 6 მ, 5 პ, 1 ჩ. ლეშიჩი – 03:57 წთ, 0 ქ, მარინკოვიჩი – 04:03 წთ, 5 ქ, 2 მ. რადულიცა – 29:49 წთ, 28 ქ, 8 მ, 4 პ, 3 ჩ, 1 დ. ტოდოროვიჩი – 17:26 წთ, 8 ქ, 1 მ, 1 პ, 1 ჩ. პენო – 26:42 წთ, 17 ქ, 3 მ, 9 პ, 3 ჩ. დოკოვიჩი – 12:51 წთ, 5 ქ, 2 მ. გაგიჩი – 08:09 წთ, 2 ქ, 3 მ.

ზუსტი სროლა – 31/63 (49.2%), ორქულიანი - 22/35 (62.9%), სამქულიანი – 9/28 (32.1%), საჯარიმო – 34/47 (72.3%), მოხსნა შეტევაში – 14, მოხსნა დაცვაში – 24, მოხსნა ჯამში – 38, პასი – 25, ჯარიმა – 26, დაკარგვა – 10, ჩაჭრა – 9, დაფარება – 2.

საქართველო: დიქსონი – 35:44 წთ, 36 ქ, 4 მ, 9 პ, 2 ჩ. როგავა – 00:52 წმ, 0 ქ. ბოისა – 11:11 წთ, 1 მ, 1 ჩ. მარკოიშვილი – 28:40 წთ, 10 ქ, 7 მ, 4 პ, 1 დ. ფაცაცია – 12:50 წთ, 0 ქ, 3 პ. ბერიშვილი – 26:09 წთ, 11 ქ, 3 მ, 2 ჩ. ბოქოლიშვილი – 30:40 წთ, 14 ქ, 2 მ, 1 პ, 1 ჩ. დვალიშვილი – 11:52 წთ, 2 ქ, 1 მ. ცქიტიშვილი – 19:14 წთ, 6 ქ, 2 მ, 1 დ. ბექაური – 01:58 წთ, 0 ქ, 1 მ. ბითაძე – 20:45 წთ, 8 ქ, 4 მ, 1 ჩ, 1 დ.

ზუსტი სროლა – 29/61 (47.5%), ორქულიანი - 15/29 (52.7%), სამქულიანი – 14/32 (43.8%), საჯარიმო – 15/24 (62.5%), მოხსნა შეტევაში – 12, მოხსნა დაცვაში – 21, მოხსნა ჯამში – 33, პასი – 17, ჯარიმა – 30, დაკარგვა – 30, ჩაჭრა – 7, დაფარება – 3.

0.396087