ფეხბურთი

20:11 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

BBC, Gazzetta dello Sport, Marca: გავლენიანი გამოცემები ეროვნული ლიგის დრამატულ ფინიშზე...
დღის გმირი, გაგიჟებული კომენტატორები, პარალელი ლა ლიგასთან: უცხოური მედიის წერილები საქართველოს ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნული ლიგის 2017 წლის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” გახდა. იმერულმა გუნდმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის სტატუსი დაიბრუნა, ხოლო ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა აღნიშნული ტიტული.

ეროვნული ლიგის ფინიში მართლაც დრამატული გამოვიდა, რის გამოც ჩვენი ჩემპიონატი უცხოური, თანაც გავლენიანი გამოცემების ყურადღების ცენტრში მოხვდა.

საქართველოს ეროვნულ ლიგას სპეციალური წერილები თვით ესპანურმა Marca-მ და BBC-მ მიუძღვნეს. აი, რას წერენ ავტორიტეტული გამოცემები:

BBC

“ქუთაისის “ტორპედომ” ტიტული 96-ე წუთზე მოგერიებული პენალტით მოიპოვა”, - ვკითხულობთ სათაურში.

“ბოლო წუთზე პენალტი დაინიშნა – თუ გოლი გავა “დინამო” ჩემპიონი იქნება, ხოლო თუ არა, მაშინ “ტორპედო”. იშვიათად ნახავთ სეზონის ასეთ დრამატულ და ნერვულ დასასრულს. “ტორპედო” 1:0 იგებდა, მაგრამ “დინამოს” შეეძლო მე-17 ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა. 96-ე წუთზე კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ემზადება თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად. თუმცა კიტეიშვილის დარტყმული კვასხვაძემ ფეხით მოიგერია და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა. “ტორპედო” ზეიმს მიეცა მოედნის ცენტრში, ხოლო დინამოელები მინდორზე დაეცნენ. ერთ-ერთი ტორპედოელი, მერაბ გიგაური კარს უკან გაიქცა, რომ საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად აღენიშნა გამარჯვება.

ქუთაისი დედაქალაქიდან 250 კილომეტრის დაშორებით, ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. “ტორპედომ” კი ყველაზე დრამატულ ვითარებაში მეოთხედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. თუმცა, 36 მატჩის შემდეგ, მისთვის სეზონი არ დასრულებულა, რადგან დუბლის შესრულების შანსი აქვს – დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ეს გუნდი “ჩიხურას” დაუპირისპირდება, რომელმაც სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ვინ იცის, რა მოხდება მაშინ...”, - ვკითხულობთ BBC-ს სტატიაში.

Marca

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა კი ეროვნულ ლიგასთან პარალელს ავლებს. კერძოდ, საქმე ეხება ლა ლიგის 1993-1994 წლების სეზონის დასასრულს.

მადრიდული გამოცემის სათაური შემდეგნაირია: “საქართველოში ჯუკიჩის პენალტი გამეორდა – “ტორპედო” არასდროს დაივიწყებს ამ დღეს”.

რაც შეეხება წერილს, ასეთი იყო:

“დინამო თბილისს” ჩემპიონოისთვის ერთი ქულა სჭირდებოდა. ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე “ტორპედოს” მასპინძლობდა, რომელთანაც ქულათა სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენა (75-73). იდენტური მდგომარეობა გახლდათ 74-ე წუთამდე, სანამ კაპანაძემ “ტორპედო” არ დააწინაურა. “დინამოს” ჩემპიონობისთვის გოლი სჭირდებოდა და ამის შანსი 96-ე წუთზე მიეცა. კიტეიშვილს პენალტი კვასხვაძემ აუღო და ქუთაისელებმა ჩემპიონობა 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოახერხეს.

ის, რაც საქართველოს ჩემპიონატში მოხდა, ძალიან ჰგავდა 1994 წელს, “რიაზორზე” მომხდარს – როდესაც, “დეპორტივოს” შანსი ჰქონდა თავის ისტორიაში პირველად მოეპოვებინა ჩემპიონის ტიტული, მაგრამ ჯუკიჩს გონსალესმა პენალტი აუღო და ჩემპიონის ტიტული “ბარსელონას” დარჩა”, - ვკითხულობთ Marca-ს წერილში.

Gazzetta Dello Sport

ეროვნული ლიგის დრამატული ფინიში არც იტალიური მედიის მეტრ, Gazzetta Dello Sport-ს გამორჩენია. ავტორიტეტული მედია საშუალება გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის ვიდეო მასალას თან სპეციალურ ტექსტსაც ურთავს სათაურით: “საქართველო, ტიტულის ბედი 96-ე წუთზე მოგერიებულმა პენალტმა გადაწყვიტა”.

“ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი სეზონის წარმოუდგენელი დასასრულით გახდა. ბოლო ტურში იგი ლიდერ “დინამო თბილისს” სტუმრობდა, რომელსაც ერთი ქულა ჰყოფნიდა, რადგან სწორედ “ტორპედოს” 2 ქულით უსწრებდა. ქამბექი ფაქტობრივად შემდგარი იყო, რადგან სტუმრები 96-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ ამ დროს მსაჯმა მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. “დინამო” თუ გაიტანდა, ჩემპიონი ხდებოდა. დღის გმირი მეკარე კვასხვაძე გახდა, რომლემაც თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ტელეკომენტატორები გიჟებს დაემსგავსნენ. “ტორპედომ” ისტორიაში მეთხე ჩემპიონობა გაიფორმა”, - ვკითხულობთ Gazzetta Dello Sport-ის წერილში.

Championat

რუსული გამოცემა Championat.com-ი ეროვნულ ლიგას სოციალური ქსელით ეხმაურება და ფეისბუქგვერდზე თერთმეტმეტრიანის ვიდეო მასალას აქვეყნებს, რომელსაც მცირე წერილსაც ურთავს:

“ამიტომ გვიყვარს ფეხბურთი! ეს არის საქართველოს ჩემპიონატის დასასრული – “ტორპედო ქუთაისი” დამსახურებულად იმარჯვებდა, მაგრამ ამ დროს მის კარში თერთმემეტრიანი დაინიშნა. და, აი, რა მოხდა შემდეგ...”, - წერს რუსული გამოცემა.

მოკლედ, როგორც ხედავთ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესახებ დღეს, წამყვან ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებშიც საუბრობენ...

0.170902