ჭადრაკი

17:18 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნანა იოსელიანის თასს საგარეჯოელები დაეუფლნენ

23 ნოემბერს, გურჯაანში, ნანა იოსელიანისა და გია გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბის ახლადგახსნილ შესანიშნავ დარბაზში ჩატარდა ნანა იოსელიანის 2017 წლის თასის გათამაშება 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც კახეთის რაიონების გუნდები მონაწილებდნენ. თითოეული გუნდში 6 მოჭადრაკე - 4 ჭაბუკი და 2 გოგონა იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ბრძოლა თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს გუნდებს შორის გაჩაღდა. თავიდანვე დაწინაურდნენ საგარეჯოელები, რომლებიც ყველა შეხვედრას დიდი უპირატესობით იგებდნენ. თითქოს, თასის ბედი უშუალოდ ფავორიტების შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ მოულოდნელად თელაველებმა ფრედ 3:3 დაამთავრეს შეხვედრა ლაგოდეხელებთან და მათ საგარეჯოსთან შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება ესჭიროებოდათ, თუმცა ვერ მოახერხეს - მათი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ამის შემდეგ ყველაფერი გურჯაანისა და საგარეჯოს პაექრობაზე იყო დამოკიდებული. გურჯაანელებს ფრეც აწყობდათ, მაგრამ გარეჯელებმა მათ შანსი არ დაუტოვეს, 5:1 დამარცხეს მასპინძლები და ნანა იოსელიანის თასს დაეუფლნენ.

საგარეჯოს გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ: ზუკა გამრეკელაშვილი, იოანე ინაშვილი, ლუკა ტიგინაშვილი, საბა დუჩიძე, ნინო ესაიაშვილი, მარიამ აგულაშვილი. (გუნდის ხუთი წევრის მწვრთნელი ირაკლი ქვლივიძეა, ერთის – ნანი უნაფქოშვილი და ელენე ფარეშიშვილი).

რაც შეეხება მეორე ადგილს, იგი თელაველთა კუთვნილება გახდა (მწვრთნელი თამარ ხმიადაშვილი). მათ გადაეცათ ვერცხლის მედლები და შესაბამისი დიპლომები. ხოლო გურჯაანელები (მწვრთნელი გია ქიტესაშავილი) შესაბამისად მესამე საპრიზო ადგილს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

გამარჯვებულებს ნანა იოსელიანის სახელობის თასი გადასცეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ნანა იოსელიანმა. მათვე გადაეცათ ოქროს მედლები და დიპლომები. გარდა ამისა საპრიზო ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა საჩუქრად მიიღეს მობილური ტელეფონებიი, ხოლო გუნდის მწვრთნელებმა - ნოუთბუქები.

ზურაბ აგულაშვილი

0.113661