ფეხბურთი

15:05 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანში” მონტელა გატუზომ შეცვალა

იტალიურმა “მილანმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვინჩენცო მონტელა დაითხოვა, მის ადგილს კი, “როსონერის” ყოფილი ფეხბურთელი ჯენარო გატოზო დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას “მილანის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ვინჩენცო მონტელას მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის. ახლა კი ხელმძღვანელობა “პრიმავერას” მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს უცხადებს ნდობას”, - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მონტელამ “შავ-წითლები” 2016 წელს ჩაიბარა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული ტრანსფერების მიუხედავად, გუნდმა უკვე წლების განმავლობაში არსებული კრიზისიდან თავის დახსნა ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ “მილანის” აქტივში 20 ქულაა და გუნდი მე-7 ადგილზე იმყოფება. მილანელები ლიდერ “ნაპოლის” 18 ქულით ჩამორჩებიან.

ჯენარო გატუზო “მილანში” 1999-2013 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი, ორჯერ იზეიმა გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე და უეფას სუპერთასზე, მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2006 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამწვრთნელო კარიერა გატუზომ 2013 წელს შვეიცარიულ “სიონში” დაიწყო. შემდეგ წვრთნიდა “პალერმოს”, ბერძნულ ოფი-ს, “პიზას”, წელს კი “მილანის” ახალგაზრდულ გუნდს ედგა სათავეში.

0.117807