ბოლნისის “სიონის” საიტზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც რა თქმა უნდა, უცვლელად გთავაზობთ. კლუბი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სიმპატიები გააჩნია “სიონის” მეტოქის მიმართ, რომელიც მას პლეი ოფში ეყოლება. საუბარია ბათუმის “დინამოზე”.
აქვე, წერილიც: “ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. “სიონი” მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლნისურმა გუნდმა, პლეი ოფში, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. “სიონის” მეტოქე ბათუმის “დინამო” იქნება.
ჩემპიონატის დაწყებამდე და შემდეგაც ცნობილი იყო, რომ პლეი ოფის შეხვედრები 29 ნოემბერს და 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო. არსებობს კალენდარი, რომელიც ფედერაციიდან ჩვენმა კლუბმა, სეზონის დასაწყისში მიიღო, სადაც მკაფიოდ წერია პლეი ოფის ჩატარების თარიღი. გარდა ამისა, 24 ნოემბერს ჩვენი კლუბის წარმომადგენლებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის, შედგა კომუნიკაცია, სადაც დადასტურდა აღნიშნული მატჩის 29 ნოემბერს ჩატარება.
სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს, 26 ნოემბერს, გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თამაში 29 ნოემბრის ნაცვლად 30 ნოემბერს ჩატარდება.
როგორც წესია, მატჩის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კლუბს ოფიციალური წერილი გონივრულ ვადაში ეგზავნება, იმისათვის რომ კლუბი მოემზადოს კონკრეტული მატჩისთვის, მოაგვაროს აუცილებელი საორგანიზაციო საკითხები (მატჩის უსაფრთხოება, სამედიცინო უსაფრთხოება, ვარჯიშების განრიგი, სასტუმროს ჯავშანი, მატჩის ანონსი და სხვა).
საპლეიოფო მატჩამდე სამი დღით ადრე, ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ გვერდზე, 23:20 საათზე ჩნდება ინფორმაცია, რომ თამაში გაიმართება 30 ნოემბერს, მაშინ როდესაც კლუბში არანაირი ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე არაა გაგზავნილი. მაშინ როდესაც კლუბის მოსამზადებელი გეგმა მთლიანად ორგანიზებული იყო 29 ნოემბრისთვის. რატომ არ მოხდა კლუბში ოფიციალური წერილის გაგზავნა, რატომ გვითხრეს ჩვენ სხვა თარიღი და ბათუმის “დინამოს” სხვა?! ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ფედერაციის მხრიდან იკვეთება მეტი სიმპატია ამჟამინდელი უმაღლესი ლიგის გუნდისკენ?!.
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, როდესაც დღის წესრიგში დადგა ფეხბურთის პოპულარიზაცია, მაყურებლის სტადიონზე მოზიდვის აუცილებლობა, მსგავსი ტექნიკური, თითქოს უმნიშვნელო ფაქტები, ნამდვილად ვნებს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას” - აღნიშნულია ბოლნისის “სიონის” განცხადებაში.