რუსეთის პრემიერლიგის მეჩვიდმეტე ტურში დღეს, “სკა ენერგია” და მოსკოვის “ლოკომოტივი” შეხვდებიან. აღნიშნული მატჩი მძიმე მეტეოროგიულ პირობებში ჩატარდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, თამაშის დროს ხაბაროვსკში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, ტემპერატურა -12-დან -15 გრადუსამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ “ლოკომოტივმა” რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული შეხვედრის სხვა დროისთვის გადატანის თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
მოსკოველები ხაბაროვსკს გუშინ ესტუმრნენ, მაგრამ ვინაიდან ტემპერატურა -20 გრადუსს უტოლდებოდა, მატჩისწინა ვარჯიში ვერ ჩაატარეს.
შეგახსენებთ, “სკა ენერგიას” ღირსებას გიორგი ნავალოვსკი იცავს, “ლოკომოტივში” კი სოლომონ კვირკველია თამაშობს. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.