ფეხბურთი

10:05 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ზავი “მესტალიაზე” და კვლავ 4-ქულიანი სხვაობა

ლა ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც მეორეადგილოსანი “ვალენსია” გათამაშების ლიდერს “ბარსელონას” დაუხვდა და შინ ქულა გაატანა.

“ღამურები” ამ შეხვედრას 8-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ, ხოლო “ბარსელონას” შესაძლებელი 36 ქულიდან 34 ჰქონდა აღებული და ამ გუნდებს შორის 4-ქულიანი სხვაობა იყო.

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, რადგან რამდენიმე დღის წინ “ვალენსიას” ყოფილი პრეზიდენტი ხაუმე ორტი გარდაიცვალა. “მესტალიაზე” შეკრებილმა პუბლიკამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმი იხილა: საწყისმა 45 წუთმა საკმაოდ დაბალ ტემპში ჩაიარა, ბურთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სტუმრები ფლობდნენ, თუმცა დიდად მწვავედ ვერ უტევდნენ. “ღამურები” კი მიმდინარე სეზონისთვის უჩვეულოდ პასიურად გამოიყურებოდნენ.

თითქოს არაფერი ხდებოდა 30-ე წუთზე, ლიონელ მესიმ კარში საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი პირდაპირ შუაში წავიდა და ნეტოს იოლად უნდა დაეჭირა ხელში, მაგრამ უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი გაუძვრა და კარის ხაზი გადაკვეთა, სტუმრები უკვე გოლს აღნიშნავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ეს ვერ დაინახა და გოლი არ ჩათვალა. განმეორებაზე კი ცხადად გამოჩნდა, რომ გოლი იყო და უკვე ნამდვილად დროა, რომ ლა ლიგამაც გამოიყენოს კარის ხაზის ტექნოლოგია.

მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი სანახავი გამოდგა. “ვალენსიამ” თამაშის სცენარი შეცვალა და გაცილებით გააქტიურდა. რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ, მასპინძლებმა საწადელს მე-60 წუთზე მიაღწიეს: მარცხენა ფლანგზე გონსალო გუედეშმა იაქტიურა, შემდეგ კი ხოსე ლუის გაიას გაუყოლა ბურთი, რომელმაც კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა და როდრიგო მორენომ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.

“ვალენსია” დაცვაში სულაც არ დამდგარა და კონტრშეტევებით გამუდმებით აწუხებდა მეტოქეს. ერთ-ერთ მომენტში გუედეში ფაქტობრივად მეკარესთან იყო პირისპირ დარჩენილი, თუმცა ბურთი ვეღარ დაიმორჩილა და ძალიან რეალური საგოლე შანსი დაკარგა.

რაც დრო გადიოდა, “ბარსელონას” სულ უფრო ხშირად ეჭირა ბურთი, მაგრამ ხიფათის შექმნა უჭირდათ. ერთადერთი ლუის სუარესმა მოახერხა კარში დარტყმა, მაგრამ ამჯერად ნეტომ ივარგა და სათანადოდ გაისარჯა. “ღამურები” თავს ძალიან კარგად იცავდნენ, განსაკუთრებით კარგად თამაშობდა ეზეკიელ გარაი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია. “ბლაუგრანა” საკმაოდ ერთფეროვნად უტევდა და მასპინძლებს დიდი პრობლემა არ ექმნებოდათ, თუმცა ამ დროს გამოჩნდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესიმ 82-ე წუთზე გაკეთებული გენიალური გადაცემით მთელი “ვალენსიას” დაცვა მოჭრა და ხორდი ალბამ ახლო მანძილიდან აღადგინა წონასწორობა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდმა მოსაგებად გაიწია. ყველაზე კარგი შანსი კი სიმონე ძაძას შეექმნა, “ღამურებმა” ბოლო წამებზე უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს და იტალიელ ფორვარდს შეეძლო, რომ შეხვედრის გმირი გამხდარიყო, მაგრამ სიზუსტემ ოდნავ უმტყუნა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. “ბარსელონას” 35 ქულა აქვს, “ვალენსიას” 31, ხოლო მადრიდულ კლუბებს “ატლეტიკოს” და “რეალს” 27-27.

უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში მეორე ბრწყინვალე “ქამბექი” შემოგვთაზა “სევილიამ”, რომელმაც ამჯერად გასვლაზე “ვილიარეალს” აღმოუფხვრა ორბურთიანი ჩამორჩენა. მასპინძლები სედრიკ ბაკამბუს და კარლოს ბაკას გოლებით 55-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ. თუმცა, ორი წუთის შემდეგ ამ უპირატესობისგან აღარაფერი იყო დარჩენილი: ჯერ ლენგლემ თავური დარტყმით შეამცირა სხვაობა, ხოლო ერთ წუთში ფრანკო ვაზკესმა საჯარიმოს მისადგომებიდან შეაგდო. 78-ე წუთზე კი ლუის მურიელმა ვიქტორ რუისს საჯარიმოში წესები დაარღვევინა, პენალტი მოიპოვა და მეტოქეს მეორე ყვითელი ბარათი აკიდა. 11-მეტრიანი ევერ ბანეგამ უნაკლოდ შეასრულა და “სევილიამ” შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა – 2:3.

უხვგოლიანი გამოდგა ლა ლიგის კვირა დღის დარჩენილი ორი შეხვედრაც. “დეპორტივო” “რიასორზე” “ბილბაოს” დაუხვდა და ფრედ 2:2 ეთამაშა. ასეთივე ანგარიშით დასრულდა “ანოეტაზე” გამართული “სოსიედადის” და “ლას პალმასის” დაპირისპირება.

დეპორტივო – ბილბაო 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 სუსაეტა (16), 1:1 ადრიანი (35), 1:2 ი.უილიამსი (60), 2:2 შარი (76)

სოსიედადი – ლას პალმასი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ტანაუსუ (21), 1:1 ვილიან ჟოზე (31), 2:1 იანუზაი (61), 2:2 ვიერა (67)
გაძევება: ოდრიოზოლა (94 ს.)

ვილიარეალი – სევილია 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 ბაკამბუ (19), 2:0 ბაკა (53), 2:1 ლენგლე (56), 2:2 ფ.ვაზკესი (57), 2:3 ბანეგა (78 პენ.)
გაძევება: რუისი (77 ვ.)

ვალენსია – ბარსელონა 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 როდრიგო (60), 1:1 ალბა (82)

0.111746