ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ვენის "რაპიდმა" "ზალცბურგს" უმასპინძლა და მარცხი განიცადა - 2:3. ვენური გუნდი დეიან ლიუბიჩიჩის გოლით თავიდან იგებდა, მაგრამ მერე სამი გოლი გაუშვა და ანგარიშში ჩამორჩა. 67-ე წუთზე მოედანზე ჩვენებური გიორგი ქვილითაია გამოჩნდა.
ქართველმა ფორვარდმა 76-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, როდესაც ფლანგური გადაცემის მერე თავურთი აიღო მეტოქის კარი. ქვილითაიამ 82-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეძლო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა გოლი გააუქმა. საქმე ისაა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ბურთს მიმართულება ხელით შეუცვალა და შემდეგ სტუმარ მცველს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. თავიდან, მთავარმა მსაჯმა გოლი ჩათვალა კიდეც, მაგრამ საქმეში გვერდითი არბიტრი ჩაერთო და მასთან გასაუბრების მერე გოლი გაუქმდა. ხოლო ქვილითაიამ ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში კი, მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და დამარცხდნენ.
გიორგიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გოლის გატანა პირველად შეძლო. რაც შეეხება "რაპიდს" - 16 ტურის თავზე 22 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.