ჭიდაობა

12:11 | 26.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილის მსოფლიო გასეირნება და მწითურის ბრინჯაო

გენო პეტრიაშვილმა ხვავრიელი 2017 წლის სეზონი კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაილამაზა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად 23-წლამდელთა მსოფლიოს კონკურენციაში აჯობა ყველას.

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე ჩემპიონატზე პეტრიაშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე აშკარა უპირატესობით მოიგო და ჯამში მეტოქეებს 45:1 აჯობა. მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონელ ტაიკი იამამოტოსთან ადვილი გამარჯვებით (10:0) გახსნა. ფინალის გზაზე ჩინელი ჟანქსიანგ ჰუ (10-0) და უკრაინელი დანილო კარტავიც (14:1) ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედამინ დიბიროვს დაუპირისპირდა და 3 წუთსა და 42 წამში 11 უპასუხო ქულით გაუსწორდა(VIDEO).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრთაგან წუხელ მსოფლიოს პოდიუმზე 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ირაკლი მწითურიც ავიდა. ძირითად ბადეში მან თურქი მურატ ერთურქისა (6:1) და შვეიცარიელი სტეფან რეიჩმუტის (3:2) ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ყაზახ აზამატ დაულეტბეკოვთან წააგო (1:7) და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს გზაზე მწითურმა აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად მაგომედსაიდოვი (2:1) და კუბელი ლაზარო დანიელ ჰერნანდეს ლუისი დაამარცხა.

საქართველო სახელით პოლონურ ხალიჩაზე რამაზ თურმანიძე (57 კგ) და შოთა ფარტენაძეც (61 კგ) გავიდნენ, მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპებიდან გამოეთიშნენ.

დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ივერიკო ჯულაყიძე (65 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).

0.116568